Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 16

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

161 ლოცვა დავითისა. ისმინე, უფალო, სიმართლე, ყური მოაპყარ ჩემს ღაღადს, გაიგონე ჩემი ლოცვა უბიწო ბაგეებიდან. 2 შენგან გამოვა ჩემი სამართალი, შენი თვალები განჭვრეტენ სწორად. 3 შენ გასინჯე ჩემი გული, მოინახულე ღამით, გამომცადე, ვერაფერს იპოვი. არ განუდგება ჩემი პირი განზრახვას ჩემსას. 4 ადამიანურ მოქმედებაში, თავს ვიცავდი უკუღმართი გზებისაგან. შენთა ბაგეთა სიტყვის თანახმად, 5 გაამგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა. 6 მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები. 7 გვიჩვენე შენი გასაოცარი წყალობა, რომელიც იხსნი შენს მოიმედეთ შენი მარჯვენით მათს მოშუღართაგან. 8 შემინახე თვალის ჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე 9 ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად. 10 ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ, 11 ყოველ ნაბიჯზე აწ გარს გვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათა ძირს დაგვცენ. 12 ისინი წააგვანან ლომს, მსხვერპლი რომ სწყურია, და ლომის ბოკვერს, საფარში მჯდომარეს. 13 აღდექ, უფალო, წინ გადაუდექი, დააჩოქე, გადაარჩინე ჩემი სული ბოროტისაგან შენი მახვილით. 14 იმ კაცებისაგან – შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ. 15 მე სიმართლით ვიხილავ შენს სახეს, გავძღები გამოღვიძებისას შენი სახების მზერით.

ფსალმუნი 15                                                                                                ფსალმუნი 17

COMMENTS