ფსალმუნები
1001 დავითის ფსალმუნი. წყალობითა და სამართლით ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო! 2 ვიფიქრებ უბიწო გზაზე: როდის მოხვალ ჩემთან? ვივლი ჩემი გულის უბიწოებით ჩემს სახლს შორის. 3 თვალწინ არ დავიყენებ არაფერს უკეთურს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება. 4 მრუდე გული მრუდე შორს იყოს ჩემგან, ბოროტს არ მინდა ვცნობდე. 5 თვისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს ამოვწყვეტ, ამპარტავან თვალსა და გაუმაძღარ გულს ვერ ავიტან. 6 თვალს დავიჭერ მართლებზე ქვეყნისა, რომ დასხდნენ ჩემთან; ვინც უბიწოების გზით იარებოდა, ის მემსახურებოდა მე. 7 ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქნელი; ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაეფუძნება ჩემს თვალწინ. 8 დილდილობით ამოვწყვეტ ყველა ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდეს უფლის ქალაქიდან ყოველი მოქმედი სიმრუდისა.