HomeUncategorized

ფსალმუნები 85

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

851 ლოცვა დავითისა. მომაპყარ, უფალო, ყური, მიპასუხე, რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე. 2 დაიფარე ჩემი სული, რადგან შენი მოსავი ვარ; იხსენი მორჩილი შენი, შენ, ჩემო ღმერთო, შენ რომ გესავს. 3 შემიწყალე, უფალო, რამეთუ შენ მოგიხმობ ყოველდღე. 4 ახარე სული შენი მორჩილისა, რადგან, უფალო, შენსკენ აღვაპყარ სული ჩემი. 5 რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს. 6 მოისმინე, უფალო, ლოცვა ჩემი და ყურად იღე ჩემი მუდარის ხმა, 7 ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ. 8 არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, და არც მსგავსი საქმეთა შენთა. 9 ყოველი ხალხი, შენს მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენს წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს; 10 რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ერთი ღმერთი. 11 დამაყენე, უფალო, შენს გზაზე, რათა ვიარო შენი ჭეშმარიტებით. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით. 12 გადიდებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და პატივს მივაგებ შენს სახელს უკუნისამდე. 13 რადგან დიდია შენი წყალობა ჩემს მიმართ, და დაიხსენ ჩემი სული შავეთის უფსკრულებიდან. 14 ღმერთო! ბოროტმოქმედნი აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ და მტარვალთა კრებულმა იძია ჩემი სული, და არ შეგრაცხეს თავიანთ წინაშე. 15 ხოლო შენ, უფალო, შემბრალე ხარ და მოწყალე ღმერთი, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ. 16 მოიქეც ჩემსკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა. 17 მოიმოქმედე ჩემს მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.

ფსალმუნი 84                                                                                                                                          ფსალმუნი 86

COMMENTS