Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 29

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

291 ფსალმუნი. ქება ტაძრის განახლებისა. დავითისა. განგადიდებ შენ, უფალო, რადგან მიხსენი და ჩემზე მტრები არ გაახარე. 2 უფალო, ღმერთო ჩემო, მოგიხმე და შენ განმკურნე მე. 3 უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ. 4 უგალობეთ უფალს, მისო წმიდებო, ადიდეთ ხსენება მისი სიწმიდისა. 5 რადგან წამიერია რისხვა მისი, ხოლო სიცოცხლე – მისი სურვილით; ღამით გლოვა დაისადგურებს და ცისკრის ჟამს მხიარულება. 6 და მე ვთქვი ჩემი ნეტარების ჟამს: „არ დავეცემი უკუნისამდე.” 7 შენი სურვილით, უფალო, გადაარჩინე ჩემი მთა; დაფარე შენი სახე და – შევძრწუნდი. 8 შენ მოგიხმობ, უფალო, და ჩემს ბატონს შევევედრები: 9 „რა სარგებლობა იქნება ჩემს სისხლში, როდესაც საფლავში ჩავალ? განა მტვერი შეგასხამს ხოტბას? განა შენს ჭეშმარიტებას განაცხადებს? 10 უფალო, მომისმინე და შემიწყალე, იყავი შემწე ჩემი.” 11 შენ ჩემი წუხილი როკვად მიქციე, ძაძა გამხადე და სიხარულით შემმოსე. 12 ამისათვის გიგალობებს სული ჩემი და არ დადუმდება. უფალო, ღმერთო ჩემო, შენ გადიდებ უკუნისამდე!
ფსალმუნი 28                                                                                                ფსალმუნი 30

COMMENTS