HomeUncategorized

ფსალმუნები 55

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

551 გუნდის ლოტბარს. „მტრედზე, რომელიც მდუმარებს შორეთში.” დავითის ძეგლისწერა, როცა ფილისტიმელებმა შეიპყრეს იგი გათში. შემიწყალე, ღმერთო, რადგან გათელვას მიპირებს კაცი, ყოველდღე მავიწროებს მოშუღარი. 2 ჩანთქმას მითქვამენ ჩემი მტრები ყოველდღიურად, რადგან მრავალი მეომება მაღლით. 3 საშიშროების დღეს შენ მოგენდობი. 4 ღმერთში ვადიდებ მისსავე სიტყვას, ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი? 5 ყოველდღე ამახინჯებს ჩემს სიტყვებს; ბოროტია ყოველი მათი ზრახვა ჩემს მომართ. 6 გროვდებიან, მისაფრდებიან ისინი – ჩემი მდევრები, ჩემს ნაკვალევს უთვალთვალებენ, თითქოსდა ჩემს სულს ელოდებიან. 7 ნუთუ ამ სიმრუდეს უნდა გადაურჩნენ? რისხვით დაამხე ერები, ღმერთო! 8 ჩემი ხეტიალი გამოთვლილი გაქვს; შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები! განა შენს წიგნში არ არიან ისინი? 9 მაშინ უკუიქცევიან ჩემი მტრები, რა დღესაც მოგიხმობ; ეს ვიცი, რომ ღმერთი ჩემთან არის. 10 ღმერთის მიერ შევაქებ სიტყვას, უფლის მიერ შევაქებ სიტყვას. 11 ღმერთს მივენდე – არ მეშინია; რას მიზამს კაცი? 12 ჩემზეა, ღმერთო, ჩემი აღთქმები, შენ რომ აღგითქვი; დიდებას მოგიზღავ შენ. 13 რამეთუ იხსენი ჩემი სული სიკვდილისაგან, ჩემი ფეხი – წაბორძიკებისაგან, რათა ვიარო ღმერთის წინაშე სიცოცხლის შუქით.

ფსალმუნი 54                                                                                                                                        ფსალმუნი 56

COMMENTS