HomeUncategorized

ფსალმუნები 79

ძველი აღთქმა
ფსალმუნები 

791 გუნდის ლოტბარს. შოშანიმ ყედუთის ხმაზე. ასაფისა. ფსალმუნი. მწყემსო ისრაელისა, ყური მომაპყარ; წინ რომ უძღოდი იოსებს, ვითარცა ცხვარს; ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე. 2 ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად. 3 ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით. 4 უფალო, ღმერთო ძალთაო, როდემდე იქნები განრისხებული შენი ხალხის ლოცვაზე? 5 აჭმევ მათ ცრემლიან პურს და ასმევ ცრემლებით სავსე თასს. 6 დაგესვი საშუღლოდ ჩვენს მეზობლებში, და ჩვენი მტრები აბუჩად გვიგდებენ. 7 უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით. 8 ეგვიპტიდან გადმოიტანე ვაზი, განდევნე ხალხები და დარგე ის; 9 გაწმინდე მის წინ, გაადგმევინე ფესვები და მან აავსო ქვეყანა. 10 მთები დაფარა მისმა ჩრდილმა და მისმა რქებმა – ნაძვი ღმრთისა; 11 რქები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე – თვისი ნამსხვრევი. 12 რატომ დაანგრიე ზღუდენი მისნი, რომ ყოველი გამვლელი მას ძარცვავს? 13 ანადგურებს მას ტყიური ტახი და ველის ნადირები კორტნიან მას. 14 ღმერთო ძალთაო! მობრუნდი, გადმოგვხედე ციდან და იხილე, და მოხედე ამ ვაზს. 15 გაამაგრე ის, რაც დარგო შენმა მარჯვენამ, და ყლორტები, შენთვის რომ გააძლიერე! 16 დამწვარია ცეცხლით, აკაფულია; შენი სახის რისხვით დაიღუპებიან. 17 იყოს შენი ხელი შენი მარჯვენის კაცზე, ადამის ძეზე, შენთვის რომ გააძლიერე. 18 და არ უკუვდგებით შენგან, გვაცოცხლე და შენს სახელს მოვუხმობთ. 19 უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ. გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.

ფსალმუნი 78                                                                                                                                            ფსალმუნი 80

COMMENTS