ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
171 გუნდის ლოტბარს. უფლის მსახურის, დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვანი ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრისა და საულის ხელთაგან. და თქვა: 2 შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო. 3 უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო, და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, – ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო. 4 ქებით მოვუხმობ უფალს, და მტრებისაგან გადავრჩები. 5 გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა. 6 შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილს ხაფანგები გადამეღობა. 7 გაჭირვებაში ვუხმობდი უფალს და ღმერთსა ჩემსა მოვუწოდებდი. ისმინა ხმა ჩემი თავისი სამხილიდან და მისწვდა მის ყურს ჩემი ღაღადი. 8 შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა, შეკრთნენ მთათა ფუძენი; შეძრწუნდნენ, რადგან განრისხდა იგი. 9 აღმოხდა კვამლი მისი რისხვისა, ცეცხლი მომსვრელი მის ბაგეთაგან, ნაკვერცხლები აღმოენთნენ მისგან. 10 დახარა ცანი და გარდმოვიდა, და მის ფერხთა ქვეშ – ნისლი უკუნი. 11 ქერუბიმებზე ამხედრდა და გაფრინდა, და გაეშურა ქარის ფრთებით. 12 წყვდიადი თავის საფარველად აქცია; ქუფრ მძიმე ღრუბლებში შეეფარა. 13 მისი პირის ბრწყინვალებით გაიფანტნენ ღრუბლები, სეტყვა და ნაკვერცხლები. 14 და დაიგრგვინა უფალმა ზეცაში, და ზეციერმა გამოსცა ხმა თავისი სეტყვით და ნაკვერცხლებით. 15 გაუშვა ისრები და მიმოფანტა და განაბნია ელვანი მრავალნი. 16 და გამოჩნდნენ წყარონი წყალთა, და გაშიშვლდნენ ფუძენი სამყაროსი შენს მრისხანე დაძახილზე, უფალო, შენი პირის ქარის ქროლვაზე. 17 გამომიწოდა ხელი სიმაღლიდან, ამომიყვანა; მრავალ წყალთაგან გამომიხსნა. 18 დამიხსნა ძლიერი მტრისაგან და მოძულეთაგან ჩემთა, ჩემზე ძლიერნი რომ იყვნენ. 19 ადგნენ ჩემს წინააღმდეგ ჩემი გაჭირვების ჟამს, და უფალი იყო ჩემი საყრდენი. 20 გამომიყვანა გაშლილ სივრცეზე, მიშველა, რადგან ვუყვარვარ მე. 21 მიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე დამაჯილდოვა. 22 ვინაიდან მივყვებოდი უფლის გზებს და არ ვცოდავდი ღმერთის წინაშე; 23 ვინაიდან ჩემს თვალწინაა ყველა მისი მცნება და მისი კანონებიდან არ გადამიხვევია. 24 უცოდველი ვიყავი მის წინაშე და თავს ვიცავდი შეცოდებისგან. 25 და მომიზღო უფალმა ჩემი სიმართლით, ჩემთა ხელთა სიწმიდის კვალობაზე მის თვალთა წინაშე. 26 გულმოწყალეს წყალობით ექცევი, გულმართალს – გულმართლად; 27 ჭეშმარიტს ჭეშმარიტად ექცევი, უკუღმართს – უკუღმართად; 28 რადგან საწყალ ხალხს იხსნი და მედიდურ თვალებს ამდაბლებ. 29 ამიტომ ანთებს ჩემს ლამპარს უფალი; ჩემი ღმერთი სინათლედ მიქცევს სიბნელეს. 30 შენით ვამარცხებ ლაშქარს და ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს. 31 უმწიკვლოა გზა ღვთისა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასათვის, ვინც მას მიენდობა. 32 რადგან ვინ არის ღმერთი, გარდა უფლისა? ანდა ვინ არის ბურჯი, გარდა ჩვენი ღმერთისა? 33 ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს. 34 ჩემს წვივებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს. 35 ომს ასწავლის ჩემს ხელებს, და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს. 36 მომეცი ფარი შენი ხსნისა, და შემეწიე შენი მარჯვენით! განმადიდე შენი წყალობით! 37 გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ, და ჩემი წვივები აღარ წაბორძიკებულან. 38 დავედევნები ჩემს მტრებს და წამოვეწევი და არ დავბრუნდები ვიდრე არ მოვსპობ. 39 დავამარცხებ და წამოდგომას ვეღარ შეძლებენ, ჩემთა ფერხთა ქვეშ განერთხმებიან. 40 და შენ შთამბერე ძალა საომრად, მოდრიკე ჩემზე აღმდგარნი ჩემს ფერხთქვეშ. 41 ჩემს მტრებს ზურგი შენ აბრუნებინე ჩემგან და მე ამოვწყვეტ ჩემს მოძულეებს. 42 იღაღადებენ, და მშველელი არ ეყოლებათ; უფლის მიმართ და არ უპასუხებს. 43 გავაცამტვერებ, როგორც ქარი მტვერს, გავთელავ, როგორც ტალახს ქუჩაში. 44 მიხსენი ხალხის დავისაგან, დამაყენე ერების მეთაურად, ხალხი, რომელსაც არ ვიცნობდი, მემსახუროს. 45 ყურის მოკვრითაც მორჩილნი გახდებიან ჩემს წინაშე, უცხო ტომები პირფერულად მომეპყრობიან. 46 უცხო ტომები გაილევიან და ათრთოლდებიან თავიანთ სიმაგრეებში. 47 უკვდავია უფალი! დიდებულია სიმაგრე ჩემი! და ამაღლდება ღმერთი – ჩემი მშველელი, 48 ღმერთი, რომელიც შურს იძიებს ჩემთვის და მიმორჩილებს ერებს. 49 ჩემო მხსნელო მტრებისაგან, შენ ამამაღლე მათზე, ვინც აღმდგარია ჩემს წინააღმდეგ! და უკეთური კაცისაგან მიხსენი. ამისთვის გადიდებ წარმართებში, უფალო, და შენს სახელს ვუგალობებ. 50 ამრავლებს შველას მეფისათვის და წყალობას თავისი ცხებულისათვის
ფსალმუნი 16 ფსალმუნი 18
ფსალმუნი 16 ფსალმუნი 18