HomeUncategorized

ფსალმუნები 36

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

361 დავითისა. ნუ შეეხარბები ბოროტმოქმედებს, ნუ გშურს მათი, ვინც უკანონობას სჩადის. 2 რადგან ბალახივით მალე გახმებიან და მწვანილივით დაჭკნებიან. 3 მიენდე უფალს და ქმენ კეთილი; დაემკვიდრე ქვეყანაზე და მწყემსე სიმართლე. 4 ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულისწადილს. 5 მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს. 6 და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს – შუადღესავით. 7 დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. 8 მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე. 9 რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას. 10 კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. 11 ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. 12 ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ. 13 უფალი დასცინებს მას, ვინაიდან ხედავს, რომ მოდის მისი დღე. 14 მახვილი იშიშვლეს ბოროტებმა და მოზიდეს თავიანთი მშვილდები, რათა ძირს დასცენ ღარიბი და ღატაკი, და მოსპონ გზიანები. 15 მათი მახვილი მათსავე გულს განეწონება და მათი მშვილდი შეიმუსრება. 16 მართლის მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს. 17 რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან, ხოლო მართალთა შემწე ღმერთია. 18 იცის უფალმა დღენი უცოდველთა, მათი მემკვიდრეობა უკუნისამდე იქნება, 19 არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან. 20 რადგან ბოროტნი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა, ვით ნასუქი ცხვარნი, გაქრებიან, ვითარცა კვამლი გაქრებიან. 21 ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს. 22 რადგან მის მიერ ნაკურთხნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან. 23 უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯნი კაცისა, და მის გზას შეიყვარებს. 24 კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა. 25 ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, და მისი მოდგმა – პურზე ხელგაწვდილი. 26 ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია. 27 ერიდე ბოროტს და ქმენ სიკეთე და იარსებებ სამარადჟამოდ. 28 რადგან უფალს სამართალი უყვარს, და არ მიატოვებს თავის წმიდებს, სამარადისოდ დაცულნი იქნებიან, ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება. 29 მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე. 30 მართალთა ბაგენი სიბრძნეს წარმოთქვამენ და მისი ენა სიმართლეს ილაპარაკებს. 31 რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები. 32 ბოროტი უთვალთვალებს წმიდას და მის მოკვლას აპირებს. 33 მაგრამ უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს. 34 მიენდე უფალს და დარჩი მის გზაზე, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას. 35 მინახავს ბოროტი გამძვინვარებული, ფესვგადგმული, ვითარცა ხე ამწვანებული. 36 მაგრამ გადაიარა და აჰა, აღარ არის, დავეძებ მას და ვეღარ ვპოულობ. 37 დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. 38 ხოლო ბრალეულნი ერთიანად მოისპობიან, ბოროტთა მომავალი გადაშენდება. 39 ხოლო წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს. 40 და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი.

ფსალმუნი 35                                                                                                                                           ფსალმუნი 37

COMMENTS