HomeUncategorized

ფსალმუნები 76

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
761 გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ასაფის ფსალმუნი. ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და მე შევღაღადებ; ჩემი ხმა ღმერთის მიმართ და ის მომისმენს. 2 ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძებ; ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული. 3 გავიხსენებ ღმერთს და ვკვნესი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. 4 თვალი არ დამახუჭინე, შევძრწუნდი და ვეღარ ვლაპარაკობ. 5 ვიგონებ ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს; 6 გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი: 7 „ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მომისურვებს? 8 ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე? 9 ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული?” 10 და ვთქვი: „აი, ჩემი უბედურება – შეცვლა უზენაესის მარჯვენისა.” 11 გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები. 12 ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ. 13 ღმერთო, წმიდაა შენი გზა! რომელი ღმერთია შენსავით დიდი? 14 შენა ხარ ღმერთი სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ერებზე ძლიერება შენი. 15 შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი –ძენი იაკობისა და იოსებისა. 16 როდესაც გიხილეს წყლებმა, ღმერთო, როდესაც გიხილეს წყლებმა, ახმაურდნენ, ზღვათა უფსკრულებიც კი შეძრწუნდნენ. 17 გადმოღვარეს წყლები ღრუბლებმა, ხმა მოსცეს ცათა, შენი ისრებიც გაფრინდნენ. 18 შენი გრგვინივის ხმა ცის თაღზე – გაანათეს ელვებმა სამყარო, შეძრწუნდა და შეირყა დედამიწა. 19 ზღვაშია შენი გზა და შენი ბილიკი – დიდ მდინარეებში, და შენი კვალი არ არის ცნობილი. 20 უძღოდი, ვითარცა ფარას, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.

ფსალმუნი 75                                                                                                                                           ფსალმუნი 77

COMMENTS