HomeUncategorized

ფსალმუნები 108

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1081 გუნდის ლოტბარს. დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები. 2 რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით. 3 სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან. 4 ჩემი სიყვარულის წილ დამემტერნენ, მე კი ვლოცულობ. 5 მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი – ჩემი სიყვარულის წილ. 6 დაადგინე ბოროტი მასზე, და ბრალმდებელი დადგეს მის მარჯვნივ. 7 განკითხვისას გამოვიდეს მტყუანი, და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს. 8 იყოს დღეები მისი მცირე, და მისი ქონება სხვამ მოიხვეჭოს. 9 დარჩნენ მისი შვილები ობლად და მისი ცოლი – ქვრივად. 10 იხეტიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ, და ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან. 11 მოვალემ მიითვისოს, რაც გააჩნია, და წარუტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი. 12 ნუ ეყოლება მოწყალე, და ნუ შეიწყალებენ მის ობლებს. 13 გახდეს მისი შთამომავლი მოსასვრელი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი. 14 გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება. 15 იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს, 16 იმისათვის, რომ არ გახსენებია წყალობის ქმნა, და დევნიდა ღარიბ-ღატაკსა და გულდაჩაგრულს მოსაკლავად. 17 და შეიყვარა წყევლა – მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა – განშორდება მას. 18 და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსლით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგანში, და როგორც ზეთი – მის ძვლებში. 19 იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი, რომელსაც იცვამს, და ვითარცა სარტყელი, მუდამ რომ გარს ირტყამს. 20 ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მაბეზღართა და ჩემს სულზე ავის მთქმელთა მიმართ, 21 ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე, 22 რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და გული ჩემი შეძრწუნდა გვამსა ჩემსა. 23 ვითარცა ჩრდილი, გადახრის ჟამს, დავილიე, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით. 24 მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან, ზეზეურად ჩამოვხმი; 25 და შევიქენ მათი სალანძღავი; თავს აქნევდნენ ჩემი შემხედვარენი. 26 შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო! მიხსენი შენი წყალობით. 27 დაე, გაიგონ, რომ შენი ხელია ეს, რომ შენ მოიმოქმედე ეს, უფალო. 28 ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღმიდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს. 29 შეიმოსონ ჩემი მაბეზღარნი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი. 30 ხმამაღლა შევაქებ უფალს ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას, 31 რადგან გვერდით დაუდგება ღატაკს, რათა იხსნას მისი სულის განმსჯელთაგან.

ფსალმუნი 107                                                                                                                                ფსალმუნი 109 

COMMENTS