HomeUncategorized

ფსალმუნები 106

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1061 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! 2 იტყვიან დახსნილნი უფლის მიერ, რომელმაც იხსნა ისინი მტრის ხელიდან. 3 და ქვეყნებიდან გამოკრიბა ისინი – აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, 4 რომელთაც აებნათ უკაცრიელ უდაბნოში გზა, დაბა ვერ ჰპოვეს სამკვიდრებელი; 5 შიოდათ, სწყუროდათ კიდეც, სული ებინდებოდათ. 6 შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. 7 და დააყენა ისინი სწორ გზაზე, რომ წასულიყვნენ სამკვიდრებელი ქალაქისაკენ, 8 დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, 9 რადგან გააძღო სული მწყურვალი, და სული მშიერი აავსო სიკეთით! 10 მსხდომარენი ბნელში და სიკვდილის წყვდიადში, ტყვენი ტანჯვისა და ბორკილისა, 11 რადგან ეურჩებოდნენ ღმერთის მცნებებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ. 12 მოდრიკა ჯაფით მათი გული, ეცემოდნენ და შემწე არ ჰყავდათ. 13 შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან იხსნა ისინი. 14 გამოიყვანა ბნელიდან და სიკვდილის წყვდიადიდან, და მათი ბორკილები დაწყვიტა, 15 დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. 16 რადგან შემუსრა ბჭენი რვალისა და ურდულნი რკინისა დაფშვნა. 17 ბრიყვები თავიანთი უკანონო გზებისა და ცოდვებისთვის იტანჯებოდნენ. 18 ყოველგვარი საჭმელი შეიზიზღა მათმა სულმა და სიკვდილის ბჭეს მიუახლოვდნენ. 19 შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან იხსნა ისინი. 20 მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა საფლავებიდან. 21 დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ. 22 შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით! 23 ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა, 24 რომელთაც ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი მისნი სიღრმეებში. 25 ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი, და ზეაღიმართებიან ზვირთები, 26 ავლენ ცამდე, შთავლენ უფსკრულში, სული მათი განსაცდელში დაილევა. 27 წრიალებენ და ირყევიან, ვითარცა მთვრალი, და მთელი მათი სიბრძნე დაინთქა. 28 და შეჰღაღადეს უფალს თავიანთი გაჭირვების ჟამს და ურვიდან გამოიყვანა. 29 დააწყნარებს ზღვის ღელვას და დადუმდებიან მისი ტალღები. 30 გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ; და წაუძღვება ნანატრ ადგილას, 31 დაე, უქონ უფალს წყალობა მისი და საოცრებანი მისნი ადამის ძეთა მიმართ, 32 დაე, აღამაღლონ ხალხის კრებულში და მოხუცებულთა შესაკრებელში ხოტბა შეასხან. 33 გადააქცევს მდინარეებს უდაბნოდ, წყაროს წყლებს – ურწყულად. 34 ნაყოფიერ მიწას – ბიცად, მის მკვიდრთა უკეთურების გამო. 35 გადააქცევს უდაბნოს წყალუხვ ტბად და გამოფიტულ მიწას – წყაროს წყლად. 36 დაასახლებს იქ მშიერთ, და დააფუძნებენ ისინი დასახლებულ ქალაქს; 37 დათესავენ მინდვრებს და გააშენებნ ვენახს, და უხვ ნაყოფს მოიწევენ; 38 აკურთხებს მათ და გამრავლდებიან ფრიად, და მათ პირუტყვს არ შეამცირებს. 39 და დაცოტავდებიან ისინი და მოიდრიკებიან ძვირთა და სალმობათა გასაჭირისგან. 40 სირცხვილს დაატეხს მთავრებს და ახეტიალებს უგზო-უკვლოდ; 41 ნაცვლად კი გამოიყვანს ღარიბს სიღატაკიდან და მოაშენებს ცხვრის ფარასავით მის შთამომავალს. 42 ნახავენ წრფელნი და გაიხარებენ, და ყოველმა ურჯულოებამ აიკრას პირი. 43 ვინც ბრძენია, დაიცავს ასე და გულისხმაჰყოვს უფლის წყალობას.

ფსალმუნი 105                                                                                                                                         ფსალმუნი 107

COMMENTS