HomeUncategorized

ფსალმუნები 67

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

671 გუნდის ლოტბარს. დავითისა. ფსალმუნი საგალობელისა. აღდგეს ღმერთი, რომ განიბნენ მისი მტრები, და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან. 2 როგორც კვამლი გაიფანტება, ისე გაფანტე; როგორც ცვილი დადნება ცეცხლზე, ისე დაიღუპებიან ბოროტნი ღმერთის სახის წინაშე. 3 ხოლო მართალნი გაიხარებენ და მოილხენენ ღმერთის წინაშე, და სიხარულით იზეიმებენ. 4 აქეთ ღმერთი, უგალობეთ მის სახელს! გზა მოუმზადეთ მას, ვინც უდაბნოებს სერავს; უფალია მისი სახელი; ილხინეთ მის წინაშე. 5 იგია მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა, ღმერთი, მის საწმიდარში რომ დაივანებს; 6 ღმერთი, რომელიც ბინას აძლევს ეულებს, გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს, ხოლო ურჩნი ხრიოკზე რჩებიან. 7 ღმერთო, როცა შენი ერის წინაშე გამოხვედი, როცა ფეხი დადგი უდაბნოში, 8 დედამიწა შეირყა, ცანიც კი წვეთავდნენ ღმერთის სახის წინაშე; ეს სინაიც – ღმერთის წინაშე, ისრაელის ღმერთისა. 9 ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ. 10 შენმა ოჯახმა იქ ჰპოვა ბინა, რომელიც შენი სიკეთით განუმზადე ღარიბს, ღმერთო. 11 უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა, დიდი გუნდია მახარობელ ქალთა! 12 ჯარების მეფენი გარბიან, გარბიან, შინ მყოფი ქალი ნადავლს გაიყოფს. 13 თუნდაც ცხვრის ბაკებში იწვეთ, მტრედის ფრთებს ვერცხლით დაფარულს ჰგავხართ და მის ნაკრტენს მოოქროვილს. 14 როცა ყოვლისშემძლე გაფანტავს მეფეებს იქ, დათოვლავს ცალმონს. 15 ბაშანის მთა – მთა ღმერთისა, ბაშანის მთა – მრავალმწვერვალიანი მთა. 16 რატომ შეჰყურებთ შურით, მწვერვალებით მდიდარო მთებო, მთას, რომელიც ღმერთმა ისურვა თავის სამოსახლოდ, და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ? 17 ღმერთის ეტლები უთვალავია, და ათასეულები; მათ შორის არის უფალი სინაიზე, წმიდაში. 18 შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი კაცთათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა. . 19 კურთხეულ არს უფალი! დღითი დღე ზრუნავს ჩვენზე, ღმერთი ჩვენი მშველელი. 20 ღმერთი არის ჩვენთვის ღმერთი მშველელი, და უფალი ღმერთის ხელში არის სიკვდილის გასაღები. 21 მაგრამ ღმერთი თავს გაუჭეჭყავს თავის მტრებს, აჯაგრულ კეფას – დანაშაულის გზით მოსიარულეს. 22 თქვა უფალმა: „ბაშანიდან დავაბრუნებ; დავაბრუნებ ზღვის სიღრმეებიდან, 23 რათა ჩადგა შენი ფეხი მტრების სისხლში, როგორც შენი ძაღლები ჩაყოფენ შიგ თავიანთ ენას”; 24 ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა, ჩემი მეფისა წმიდაში. 25 წინ წარდგნენ მგალობლები, უკან – მემუსიკენი, შუაში – მედაირე ქალწულები. 26 კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი, უფალი წყაროდან ისრაელისა. 27 იქ ბენიამინი – უმრწემესი – წინ წახტა; იუდას მთავრებმა ქვები დაუშინეს, ზებულუნის მთავრებმა, ნაფთალის მთავრებმა. 28 შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის. 29 შენი ტაძრის გამო, რომელიც იერუსალიმშია, საჩუქრებს მოგიტანენ მეფეები. 30 შერისხე მხეცი ლერწმოვანისა, ხარების ჯოგი ხბორებს შორის იმ ხალხისა, რომლებიც ტრაბახობენ ვერცხლის ზოდებით. მიმოფანტე ომის მოყვარული ერები. 31 ამოვლენ მოციქულნი ეგვიპტიდან, ქუში გაუწოდებს ხელს. 32 ქვეყნიერების სამეფონო, უმღერეთ, უგალობეთ უფალს. 33 ამაღლებულს ძველთუძველეს ცათა ცაში! აჰა, ის გამოსცემს თავისი ხმით ძლიერების ხმას. 34 მიეცით სიძლიერე ღმერთს! მისი სიდიადე ისრაელზეა და მისი სიძლიერე – ღრუბლებში. 35 საოცარი ხარ, ღმერთო, შენს ტაძარში. ღმერთი ისრაელისა – ის აძლევს ძალასა და სიმაგრეს ხალხს; კურთხეულ არს ღმერთი!

ფსალმუნი 66                                                                                                                                          ფსალმუნი 68

COMMENTS