Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 30

ძველი აღთქმა
ფსალმუნები 

301 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი. დავითისა. ვედრები, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენ. 2 მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად. 3 რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი. 4 გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი. 5 შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო. 6 შევიძულე კერპების დამცველები და მე მივენდე უფალს. 7 ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით, რადგან შენ იხილე ჩემი სისაწყლე, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა. 8 და არ მიმეცი ხელსა მტრისას; ფართოდ დაამკვიდრე ფერხნი ჩემნი. 9 შემიწყალე, უფალო, რადგან მიჭირს, დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი. 10 რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები – გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა. 11 ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენ, და მეზობლისაგან – მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან. 12 გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი. 13 რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიშია ყოველი მხრიდან! ისინი შეითქვნენ ჩემს წინააღმლეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს, 14 მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: „შენა ხარ ჩემი ღმერთი.” 15 შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მტერთა ხელთაგან, და ჩემთა მიმდევართა 16 უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით. 17 უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ. დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ჯოჯოხეთში. 18 დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე, ქედმაღლობით და სიძულვილით. 19 რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, უფალო, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე. 20 შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან, 21 კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა თვისი საკვირველი წყალობა გამაგრებულ ქალაქში. 22 და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან”. მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმობდი. 23 შეიყვარეთ უფალი, მისნო წმიდანო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს. 24 გამხნევდით და გული გაიმაგრეთ, ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.
ფსალმუნი 29                                                                                                ფსალმუნი 31

COMMENTS