ფსალმუნები
261 დავითისა. უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლის: ვისგან შევძრწუნდე? 2 თუ დამესხმიან თავს ბოროტნი, რათა შესასანსლონ ჩემი სხეული, მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან. 3 თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს. 4 ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და მის ტაძარს ვიხილავდე. 5 რადგან შემიფარავს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარავის სამალავში, და კლდეზე ამამაღლებს. 6 და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს. 7 ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ, შემიწყალე და მიპასუხე. 8 შენგან ამბობს ჩემი გული: „მოძებნეთ ჩემი სახე.” შენს სახეს მოვძებნი, უფალო. 9 ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს; ჩემი შემწე იყავი უწინ; ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მსხნელო, 10 რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ; ხოლო უფალი მიმიღებს მე. 11 მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო. 12 ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ; რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ. 13 რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში. 14 მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული, და გქონდეს უფლის იმედი.