ფსალმუნები
1011 ლოცვა გლახაკისა, ოდეს იტანჯება და უფლის წინაშე გადმოღვრის თავის გულისნადებს. უფალო, ისმინე ჩემი ლოცვა, და ჩემი ღაღადისი შენთან მოვიდეს. 2 ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე. 3 რადგან გაქრნენ კვამლივით ჩემი დღეები და ჩემი ძვლები ვარვარებს, როგორც კოცონი. 4 დაჭკნა ბალახივით და გახმა ჩემი გული, რადგან დამავიწყდა ჩემი პურის ჭამა. 5 ჩემი კვნესის ხმისაგან მიჰკვრია ჩემი ძვლები ჩემს ხორცს. 6 დავემსგავსე უდაბნოს ვარხვს, გავხდი ვითარცა ბუკიოტი ნანგრევებში. 7 უძილო ვიქმენ და ვზივარ, ვითარცა ეული ჩიტი სახურავზე. 8 ყოველდღე მლანძღავენ ჩემი მტრები, ჩემი განმაქიქებელნი მე მიფიცავენ; 9 რადგან ნაცარი პურივით ვჭამე და ჩემი სასმელი ცრემლით შევაზავე 10 შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე. 11 ჩემი დღეები გადახრილი ჩრდილივითაა და მე ბალახივით ვხმები. 12 შენ კი, უფალო, საუკუნოდ იარსებებ, შენი სახსენებელი – თაობიდან თაობამდე. 13 შენ კი აღსდექ და შეიწყალე სიონი; რადგან ჟამია, როცა შეწყალებ მას, რადგან მოვიდა საათი! 14 რადგან უყვართ შენს მორჩილებს მისი ქვები და მისი მიწა ენანებათ. 15 შეეშინდებათ წარმართთ უფლის სახელისა და ყველა ამქვეყნიერ მეფეს შენი დიდებისა. 16 რადგან აღაშენებს უფალი სიონს, გამოცხადდება თავისი ღირსებით, 17 მოხედავს ლოცვას გულმოდრეკილთა და არ დაამცირებს მათს ლოცვას. 18 დაიწერება ეს მომავალი თაობისათვის, და ხალხი, რომელიც გაჩნდება, ადიდებს უფალს. 19 რადგან მან გადმოხედა თავისი წმიდის სიმაღლიდან, რადგან უფალმა ციდან მოიხილა ქვეყანა, 20 რომ მოესმინა კვნესა პატიმრისა, გაეთავისუფლებინა სიკვდილის ძენი. 21 რათა აუწყონ სიონს სახელი უფლისა და ქება მისი იერუსალიმს, 22 როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად. 23 გაასავათა გზაში ჩემი ძალა, შეამცირა დღენი ჩემნი. 24 ვეტყვი: „ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ ჩემს დღეებს ნახევარს! თაობიდან თაობამდეა შენი წლები. 25 უწინ დედამიწა დააფუძნე, და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. 26 ისინი ჩაივლიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან, სამოსელივით გამოიცვლი მათ და გაქრებიან. 27 შენ კი იგივე ხარ, და შენი წლები არ დაილევიან! 28 შენი მორჩილის ძენი დამკვიდრდებიან და შთამომავალი მათი შენს წინაშე წარიმართება.”