ფსალმუნები
1171 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! 2 იტყვის ისრაელი: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!” 3 იტყვის სახლი აარონისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!” 4 იტყვიან მოშიშნი უფლისა: „მართლაც უკუნისამდეა წყალობა მისი!” 5 გაჭირვებიდან ვუხმობდი უფალს, სიფართოვით მიპასუხა უფალმა. 6 უფალი ჩემთან არის – არ მეშინია, რას მიზამს კაცი? 7 უფალი ჩემთან არის შემწედ და მე ვიხილავ ჩემს სიხარულს ჩემს მტრებზე. 8 უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება ადამიანზე. 9 უკეთესია დაყრდნობა უფალზე, ვიდრე დაიმედება მთავრებზე. 10 ყოველნი თესლ-ტომნი გარს შემომერტყნენ; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ. 11 გარს შემომერტყნენ და გარემომიცვეს, უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ. 12 გარს შემომერტყნენ ფუტკრებივით; ჩაქრნენ, ვითარცა ცეცხლი ძეძვისა; უფლის სახელით ამოვწყვეტ მათ. 13 ძლიერ მკრეს ხელი ძირს დასაცემად და უფალი შემეწია მე. 14 ჩემი ძალა და სიმღერაა უფალი, და ის იქნება ჩემი მშველელი. 15 ხმა სიმღერისა და შეწევნისა მართალთა კარვებში: „უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის! 16 უფლის მარჯვენა მომაღლებულია, უფლის მარჯვენა მქმნელია ძალის!” 17 არ მოვკვდები, არამედ ვიცოცხლებ და ვილაპარაკებ უფლის საქმეებზე. 18 დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა. 19 გამიღეთ ბჭენი სიმართლისა, შევალ მათ წიაღ, ვადიდებ უფალს! 20 ეს არის კარიბჭე უფლისა! მართალნი შევლენ შიგ. 21 გადიდებ შენ, რადგან მიპასუხე და გახდი ჩემი ხსნა! 22 ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა; 23 უფლისაგან მოხდა ეს; საოცარია ეს ჩვენს თვალში. 24 ეს არის დღე, რომელიც ქმნა უფალმა; ვილხინოთ და ვიმხიარულოთ მასში! 25 გევედრებით, უფალო, გვიშველე! გევედრებით, უფალო, გაგვიმარჯვე! 26 კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! გაკურთხებთ უფლის ტაძრიდან. 27 ღმერთია უფალი და გაგვინათებს ჩვენ. მიაბით მსხვერპლი საბლით სამსხვერპლოს რქებზე. 28 ჩემი ღმერთი ხარ შენ და გადიდებ! ღმერთო ჩემო, ხოტბას შეგასხამ შენ! 29 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!