HomeUncategorized

ფსალმუნები 131

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1311 გალობა აღსავალთა. გაუხსენე დავითს, უფალო, ყოველი ურვა მისი. 2 როგორც შეჰფიცა უფალს, აღთქმა დაუდო იაკობის ძლიერს: 3 „არ შევალ ჩემი სახლის კარავში, არ ავალ ჩემს საწოლ-სარეცელზე, 4 არ მივცემ ძილს ჩემს თვალებს და რულს ჩემს წამწამებს, 5 ვიდრე არ ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისათვის.” 6 აჰა, გვესმა მასზე, რომ ეფრათაშია; ვიპოვეთ იგი იაყარის ველზე! 7 „მივიდეთ მის სადგომში, თაყვანი ვცეთ მის ფერხთა საყრდენს! 8 აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა! 9 შენი მღვდელნი შეიმოსონ სიმართლით და შენმა წმიდებმა იმხიარულონ.” 10 შენი მორჩილის – დავითის – გულისათვის ნუ უკუაგდებ შენი ცხებულის სახეს. 11 შეჰფიცა უფალმა დავითს ჭეშმარიტად, არ გადაუხვევს მისგან: „ნაყოფისაგან შენი მუცლისა დავსვამ შენს ტახტზე! 12 თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს აღთქმას და ჩემს მოწმობებს, რომელთაც ვასწავლი მათ, მათი შვილებიც უკუნისამდე დასხდებიან შენს ტახტზე.” 13 რადგან ამოირჩია უფალმა სიონი, ისურვა სამკვიდრებლად თავისთვის. 14 „ეს არის ჩემი განსასვენებელი უკუნისამდე, აქ დავსახლდები, რადგან ვისურვე იგი. 15 საზრდოს მისას კურთხევით ვაკურთხებ, მის ღარიბებს გავაძღებ პურით. 16 მის ღვთისმსახურთ შევმოსავ შეწევნით და წმიდები მისნი სიხარულით გაიხარებენ. 17 აქ აღმოვაცენებ დავითის რქას, გავამზადებ სინათლეს ჩემი ცხებულისათვის. 18 მის მტრებს შევმოსავ სირცხვილით და მასზე იბრწყინებს გვირგვინი მისი!”

ფსალმუნი 130                                                                                                                                        ფსალმუნი 132

COMMENTS