ფსალმუნები 58

By
ივლისი 7, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

581 გუნდის ლოტბარს. „ნუ მოსპობ.” დავითის ძეგლისწერა, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის სათვალთვალოდ, რომ მოეკლათ იგი. მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღემრთო! დამიცავი ჩემს მოდავეთაგან! 2 მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან, და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე. 3 რადგანაც აჰა, უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ, უფალო, არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება. 4 უდანაშაულოთა წინააღმდეგ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე. 5 ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხებს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. 6 ბრუნდებიან საღამოობით, ყმუიან ძაღლებივით და გარს უარონ ქალაქს. 7 აჰა, ანთხევენ პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა ვინ ისმენსო. 8 ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხებს. 9 ჩემს ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი. 10 ღმერთი, ჩემი მწყალობელი, წინ წამიძღვეს; ღმერთმა მახილვინოს ჩემს მტრებზე გამარჯვება. 11 ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, უფალო, ფარო ჩვენო. 12 მათი პირის სიტყვა სხვა არაფერია, თუ არა ცოდვა. და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის, 13 მოსპე რისხვით, მოსპე, ერთიანად, ამით შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობში, ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. 14 დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლებივით და გარს შემოუარონ ქალაქს. 15 დაე, იწანწალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე. 16 ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს. 17 სიმტკიცევ ჩემო, შენ გიგალობებ; რადგან შენა ხარ ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.

ფსალმუნი 57                                                                                                                                             ფსალმუნი 59

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close