Homeბიბლიაფსალმუნები

ფსალმუნები 64

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

641 გუნდის ლოტბარს. ფსალმუნი დავითისა. გალობა. შენ შეგშვენის ხოტბა, ღმერთო, სიონზე, და შენ აღგისრულებენ აღთქმას. 2 შენ შეისმენ ლოცვას, ამიტომ შენთან მოვა ყველა ხორციელი. 3 ჩადენილმა ცოდვებმა დამჯაბნეს მე; ჩვენს დანაშაულს შენ შეგვინდობ. 4 ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოვებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით სიკეთით შენი სახლისა, შენი წმიდა ტაძრისა. 5 საშინელებებით სამართლიანად გვპასუხობ, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა; 6 რომელმაც განამზადა მთები თავისი ძალით, გარემოსილია ძლიერებით; 7 რომელიც აწყნარებს ზღვათა ხმაურს, მათი ტალღების ხმაურს და ერების მღელვარებას. 8 და შეაშინებს კიდეთა მცხოვრებთ შენი სასწაულები, აღმოსავლეთსა და დასავლეთს გაამხიარულებ. 9 კეთილად გაიხსენე ქვეყანა და მორწყე, დიდად გაამდიდრე იგი;- ნაკადი ღმერთისა სავსეა წყლით; მოამზადე მათი პური, რადგან ასე წარმართე იგი. 10 მის კვლებს არწყულებ, ასწორებ მის ბელტებს, ჟუჟუნა წვიმით ალბობ, მის აღმონაცენს აკურთხებ. 11 აკურთხე წელიწადის გვირგვინი შენი სიკეთით, და შენი ნაკვალევიდან წვეთავს პოხიერება. 12 წვეთავენ უდაბნოს საძოვრები, და ქედები ლხინით შეიმოსებიან. 13 საძოვრები ცხვრით აჭრელდებიან და დაბლობები მარცვლით დაიფარებიან; იღაღადებენ და იმღერებენ.
ფსალმუნი 63                                                                                                                                         ფსალმუნი 65

COMMENTS