ფსალმუნები
901 უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს. 2 ეუბნება უფალს: „ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი ღმერთი, რომელსაც ვესავ.” 3 ის დაგიხსნის მონადირის მახისაგან, და მომსრავი ჭირისაგან. 4 თავის მხრებს გადაგაფარებს და მის ფრთებს შორის შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება. 5 ნუ შეგეშინდება ღამის საშინელებისა, ისრის – დღისით გაფრენილის, 6 შავი ჭირის – ბნელში მოარულის, სენის – შუადღის მძარცველის. 7 დაეცემა შენს გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება. 8 მხოლოდ შენი თვალით შეხედავ და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა. 9 რადგან შენ [ამბობ]: „უფალი არის ჩემი თავშესაფარი.” შენს საცხოვრისად აირჩიე უზენაესი. 10 არ შეგემთხვევა სიავე, და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს. 11 რამეთუ თავის ანგელოზებს უბრძანა, დაგიცვან ყველა შენს გზაზე. 12 ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვაზე. 13 ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ. 14 უფალი ამბობს: „რაკი მოისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან იცნო სახელი ჩემი. 15 მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში; გამოვიხსნი და ვასახელებ. 16 დღეთა ხანგრძლიობით გავაძღებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.”