HomeUncategorized

ფსალმუნები 118

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1181 ალეფ ნეტარ არიან უბიწონი გზაზე, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე. 2 ნეტარ არიან მის მცნებათა დამცველნი, მთელი გულით რომ ეძებენ მას. 3 არც სიავკაცე ჩაუდენიათ, მისი გზით დადიან! 4 შენ ამცნე შენს ბრძანებათა დაცვა რათა ზედმიწევნით დაიცვან. 5 ნეტამც წარიმართოს ჩემი გზები შენი წესდების დასაცავად! 6 მაშინ აღარ შემრცხვებოდა, როს შევხედავდი შენს ყოველ მცნებას. 7 განგადიდებდი გულის სიწრფელით, როს მასწავლიდი სამართალს შენი სიმართლისა. 8 შენს წესებს დავიცავ; ნუ მიმატოვებ საბოლოოდ! ბეთ 9 რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაიცვას შენი სიტყვისამებრ! 10 მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან! 11 გულში ჩავიმარხე შენი სიტყვები, რათა არ შეგცოდო. 12 კურთხეულ ხარ შენ, უფალო! მასწავლე წესები შენი. 13 ჩემი ბაგეებით მოვუთხრობდი ყველა სამართალს შენი პირისას. 14 შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ სიმდიდრეზე. 15 შენს მცნებებზე ვიფიქრებ და დავუკვირდები შენს გზებს. 16 შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვებს. გიმელ 17 კეთილი უყავ შენს მორჩილს, რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა. 18 აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას! 19 მწირი ვარ ქვეყანაზე, ნუ დამიმალავ შენს მცნებებს! 20 მოითენთა სული ჩემი წადილით შენი სამართლისა ყოველჟამს. 21 შერისხე ამპარტავანნი, წყეულნი, რომელთაც გადაუხვიეს შენი მცნებებიდან. 22 ამაცილე სირცხვილი და შეურაცხყოფა, რადგან შენს მცნებებს ვიცავდი! 23 დასხდებიან კიდეც მთავარნი, ჩემს წინააღმდეგ ითათბირებენ, შენი მორჩილი კი ისაუბრებს შენს წესებზე. 24 შენი მცნებებიც სიხარულია ჩემთვის; მრჩეველნი ჩემნი. დალეთ 25 მიწა-მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ. 26 გზანი ჩემნი განგიცხადე და მიპასუხე; მასწავლე წესები შენი. 27 გზა შენთა ბრძანებათა გამაგებინე და ვილაპარაკებ შენს საოცრებებზე. 28 ნაღველმა დაადნო სული ჩემი, გამამაგრე შენი სიტყვისამებრ! 29 გზა სიცრუისა განმაშორე და შენი რჯულით შემიწყალე! 30 გზა ჭეშმარიტებისა ამოვირჩიე, შენი სამართალნი წინ დავიყენე. 31 მივეკარ შენს მცნებებს, უფალო, ნუ გამაწბილებ. 32 შენთა მცნებათა გზით ვრონინებდე, რადგან განავრცობ ჩემს გულს. ჰე 33 მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა, და დავიცავ ბოლომდე. 34 გამაგებინე და დავიცავ შენს რჯულს და შევინახავ მთელი გულით. 35 დამაყენე შენთა მცნებათა კვალზე, რადგანაც მწადია იგი. 36 მიდრიკე ჩემი გული შენს მოწმობათაკენ და არა ანგარებისაკენ. 37 მოარიდე თვალი ჩემი ამაოების ცქერას; შენი გზით მაცოცხლე! 38 დაუმტკიცე შენს მონას შენი ნათქვამი შენგან მოშიშების გამო. 39 ამაცილე შერცხვენა, რომლისაც მეშინია, რადგან შენნი სამართალნი კეთილია! 40 აჰა, ვისურვე ფრიად შენი ბრძანებანი; შენი სიმართლით მაცოცხლე მე! ვავ 41 მოვიდნენ ჩემზე წყალობანი შენნი, უფალო, ხსნა შენმიერი, შენი სიტყვისამებრ! 42 და პასუხს გავცემ ჩემს მაგინებელს; რადგან ვიმედოვნებ შენი სიტყვით. 43 ნუ წაართმევ ჩემს ბაგეთ ჭეშმარიტების სიტყვას სრულიად, რადგან შენს სამართალს მოველი! 44 დავიცავ შენს რჯულს მარადის, უკუნითი უკუნისამდე. 45 ვივლი ხალვათად, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი. 46 ვილაპარაკებ შენს მოწმობებზე მეფეთა წინაშე და არ შემრცხვება. 47 გავიხარებ შენი მცნებებით, რომლებიც მიყვარს; 48 ხელთ აღვაპყრობ შენთა მცნებათა მიმართ, რომლებიც მიყვარს, და ვისაუბრებ შენს წესებზე. ზაინ 49 გაუხსენე შენს მორჩილს სიტყვა, რომლითაც დამაიმედე მე! 50 ეს არის ჩემი ნუგეში გაჭირვებაში, რადგან შენმა ნათქვამმა გამაცოცხლა. 51 ამპარტავანნი დამცინოდნენ მეტისმეტად; შენი რჯულიდან არ გადამიხვევია. 52 ვიხსენიებდი შენს სამართალს, უფალო, რომელიც უკუნისიდან არის ადრიდანვე, და დარდს ვიქარვებდი. 53 თავზარი მეცემოდა ურჯულოთა გამო, რომლებიც ტოვებდნენ შენს რჯულს. 54 სიმღერებად იქცა ჩემთვის შენი წესები ჩემს საცხოვრებელ სახლში. 55 ვიხსენებდი ღამით შენს სახელს, უფალო, და ვიცავდი შენს რჯულს. 56 ეს იყოს ჩემთვის, რადგან შენს ბრძანებას ვიცავდი. ხეთ 57 ჩემი ხვედრია, ვთქვი, უფალო, შენთა სიტყვათა დაცვა! 58 გევედრებოდი მთელი გულით; შემიწყალე შენი სიტყვისამებრ. 59 ვფიქრობდი ჩემს გზებზე და ვიბრუნებდი ფეხს შენი მცნებებისაკენ. 60 ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენთა მცნებათა დაცვას. 61 საბელებივით გარს შემომერტყნენ ბოროტეულნი, შენი რჯული არ დავივიწყე. 62 შუაღამისას ვდგები შენს სადიდებლად, შენი მართალი განსჯების გამო. 63 თანაზიარი ვარ ყოველთა მოშიშთა შენთა, და ვინც იცავენ შენს მცნებებს. 64 შენი წყალობით, უფალო, სავსეა ქვეყნიერება; მასწავლე შენი წესდებანი. ტეტ 65 კეთილი ქმენ შენი მორჩილისათვის, უფალო, შენი სიტყვისამებრ. 66 კეთილი აზრი და გაგება მასწავლე, რადგან ვირწმუნე შენი მცნებანი. 67 ვიდრე დავიტანჯებოდი, შევცდი; ახლა კი შენს სიტყვას ვიცავ. 68 კეთილი ხარ და კეთილსა იქმ, მასწავლე წესები შენი. 69 ტყუილს ჩმახავენ ამპარტავანნი ჩემზე, მე მთელი გულით დავიცავ შენს ბრძანებებს. 70 დამსუყდა ცხიმივით მათი გული, მე შენი რჯულით ვხარობდი. 71 კარგია ჩემთვის, რომ ვეწამე, ვინძლო ვისწავლო წესდებანი შენი. 72 უმჯობესია ჩემთვის რჯული შენი ბაგისა, ვიდრე ათასი ოქრო და ვერცხლი. იოდ 73 შენმა ხელებმა შემქმნეს და წარმმართეს; შთამაგონე და ვისწავლი შენს მცნებებს. 74 მოშიშნი შენნი შემხედავენ და გაიხარებენ, რადგან შენს სიტყვებზე ვარ მინდობილი. 75 ვიცოდი, უფალო, რომ მართალია შენი სამართალი, და სამართლიანად შემაჭირვე. 76 დაე, იყოს შენი წყალობა ჩემს სანუგეშოდ, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს! 77 მოვიდეს ჩემდამი წყალობა შენი და ვიცოცხლებ! რადგან შენი რჯული სიხარულია ჩემი. 78 შერცხვეთ ამპარტავნებს, რადგან ტყუილად მჩაგრავდნენ; მე კი ვისაუბრებ შენს ბრძანებებზე. 79 დაბრუნდნენ ჩემთან მოშიშნი შენნი და მცოდნენი შენი მცნებებისა. 80 იყოს ჩემი გული უბიწო შენს სამართალში, რათა არ შევრცხვე. ქაფ 81 დადნა შენი შეწევნის მოლოდინში ჩემი სული. შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. 82 დადნენ თვალნი ჩემნი შენი სიტყვის მოლოდინში, ვამბობ: „როდის მანუგეშებ მე?” 83 ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, და მაინც შენი წესები არ დავივიწყე. 84 რაღამდენია დღენი შენი მორჩილისა? როდის გაასამართლებ ჩემს მდევნელებს? 85 გამითხარეს ამპარტავნებმა ორმო, მათ, ვინც არ მიჰყვებიან შენს რჯულს. 86 ყველა შენი მცნება ჭეშმარიტებაა; სიცრუვით მდევნიან, მიშველე. 87 ლამის გამანადგურეს მიწაზე; და მაინც არ მივატოვე შენი ბრძანებანი. 88 შენი წყალობით მაცოცხლე და დავიცავ მოწმობებს შენი პირისას. ლამედ 89 უკუნისამდე, უფალო, შენი სიტყვა დაფუძნებულია ზეცაში. 90 თაობიდან თაობამდეა ჭეშმარიტება შენი! დაამყარე ქვეყანა და დგას. 91 შენი მსჯავრით დგანან დღესაც, რადგან ყოველნი გმსახურებენ. 92 შენი რჯული რომ არ ყოფილიყო ჩემდა ნუგეშად, დავიღუპებოდი ჩემს ტანჯვაში. 93 უკუნისამდე არ დავივიწყებ ბრძანებებს შენსას, რადგან მათით მასულდგმულებდი. 94 შენი ვარ; მიხსენი, რადგან შენს ბრძანებებს ვეძიებდი! 95 მიდარაჯდებიან ბოროტნი, რომ დამღუპონ; შენს მცნებებს ღრმად ვუკვირდები. 96 ყოველნაირი სრულქმნილების მინახავს ბოლო; მაგრამ ვრცელია შენი მცნებანი ფრიად. მემ 97 რარიგად მიყვარს რჯული შენი! ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ. 98 ჩემს მტრებზე მეტად დამაბრძენე შენი მცნებით; რადგან მარადის ჩემთანაა იგი. 99 ყველა ჩემს მასწავლებელზე გონიერი გავხდი, რადგან შენი მცნებანი საფიქრალია ჩემი. 100 მოხუცებზე მეტად საზრიანი ვარ, რადგანაც შენს ბრძანებებს ვიცავ. 101 ყოველგვარ ბოროტ გზას მოვარიდე ფეხი, რათა დავიცვა შენი სიტყვა. 102 შენთა განგებულებათაგან არ გადამიხვევია, რადგან შენ გამასწავლე. 103 რარიგ ატკბობს ჩემს სასას შენი სიტყვები, თაფლზე ტკბილია ჩემი პირისთვის! 104 შენი ბრძანებით საზრიანი გავხდი, ამიტომ მოვიძულე სიცრუის ყოველი გზა. ნუნ 105 სანთელია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე – ჩემი ბილიკისათვის. 106 დავიფიცავ და ავასრულებ, შენს მართალ განსჯებს. 107 დავმდაბლდი ფრიად; უფალო, მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ! 108 ნებსითი მსხვერპლი ჩემი პირისა ისურვე, გთხოვ, უფალო, და სამართალნი შენნი მასწავლე. 109 სული ჩემი ჩემს ხელისგულზეა მუდამ, და შენს რჯულს არ ვივიწყებ. 110 დამიგეს ბოროტებმა მახე, მაგრამ შენი ბრძანებებისთვის არ გადამიხვევია. 111 დავიმკვიდრე მოწმობანი შენნი საუკუნოდ, რადგან ისინი ჩემი გულის სიხარულია. 112 მოვდრიკე გული ჩემი წესთა შენთა შესასრულებლად საუკუნოდ. სამეხ 113 ბოროტგანმზრახველნი შევიძულე, და შენი რჯული შევიყვარე. 114 თავშესაფარი და ფარი ხარ ჩემი; შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. 115 შორს ჩემგან, უკეთურნო, და მე დავიცავ მცნებებს ჩემი ღმერთისას! 116 შემეწიე შენი სიტყვისამებრ და ვიცოცხლო, და ნუ გამიწბილებ ჩემს იმედს! 117 განმამტკიცე და გადავრჩე, ასეა ჩემი შველა და ჩავწვდები შენს წესდებებს ყოველთვის. 118 მოსრე ყოველი, ვინც განუდგა შენს წესებს, რადგან სიცრუეა მათი ხრიკები. 119 როგორც ნაყარ-ნუყარი, მოსპე ყოველი ბოროტი ქვეყანაზე, ამიტომ შევიყვარე მცნებანი შენნი. 120 თრთის შენი შიშით სხეული ჩემი და მეშინია შენი განკითხვების. ყაინ 121 ვქმენ სამართალი და სიმართლე; ნუ შემატოვებ მჩაგვრელებს ჩემსას. 122 გამოესარჩლე შენს მორჩილს სასიკეთოდ, რომ არ დამჩაგრონ ამპარტავნებმა. 123 დადნენ თვალნი ჩემნი შენი შეწევნისა და შენი სიმართლის სიტყვის მოლოდინში. 124 მოიმოქმედე შენი მორჩილისთვის შენი წყალობისამებრ და წესდებანი შენი მასწავლე. 125 მორჩილი ვარ შენი; გონიერ-მყავ, რათა შევიმეცნო მოწმობანი შენნი. 126 ჟამია უფლის მოქმედებისა – მოშალეს რჯული შენი! 127 ამიტომ მიყვარს მცნებანი შენნი ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად; 128 ამიტომ ყველა შენი ბრძანება სწორად მიმაჩნია; მძულს ყოველი გზა სიცრუისა. ფე 129 საოცარია მოწმობანი შენნი; ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი. 130 საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, აგონიერებს მიამიტებს. 131 პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენნი. 132 მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერებათ შენი სახელის მოყვარულთ. 133 ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვისამებრ და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურა უსამართლოს. 134 გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან, ასე დავიცავ შენს ბრძანებებს. 135 შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესდებანი შენი. 136 ცრემლთა ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს. ცადე 137 მართალი ხარ შენ, უფალო, და სწორია გამგებულებანი შენი. 138 ამცნე სიმართლით მოწმობანი შენნი და ჭეშმარიტია მეტად. 139 დამღრღნა ეჭვმა, რადგან დაივიწყეს შენი სიტყვები ჩემმა მტრებმა. 140 ხალასია შენი ნათქვამი ფრიად და შენს მორჩილს უყვარს იგი. 141 მცირე ვარ და მოძულებული; შენს ბრძანებებს არ ვივიწყებ. 142 სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა, და შენი რჯული ჭეშმარიტია. 143 განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; მაგრამ შენი ბრძანებანი სიხარულია ჩემთვის. კოფ 144 სიმართლეა შენი მოწმობანი მარადის; შთამაგონე და ვიცოცხლებ! 145 მოგიხმობ მთელი გულით; მიპასუხე, უფალო! შენს წესდებებს დავიცავ. 146 შენ მოგიხმობ, გადამარჩინე, და დავიცავ შენს მოწმობებს. 147 გარიჟრაჟამდე მოვალ და ვიღაღადებ, შენს სიტყვაზე ვარ დაიმედებული. 148 ჩემმა თვალებმა დაასწრეს ღამის ებგურს, რათა ვილაპარაკო შენს ნათქვამზე. 149 ჩემი ხმა ისმინე შენი წყალობისამებრ, უფალო, შენი სიმართლისამებრ მაცოცხლე. 150 ახლოს არიან ავისმზრახველნი; შენი რჯულისაგან კი შორს დგანან. 151 ახლოს ხარ, უფალო, და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა. 152 ადრიდანვე შევიტყვე შენთა მოწმობათა შესახებ, რომ სამარადჟამოდ დააფუძნე ისინი. რეშ 153 შეხედე ჩემს სიგლახაკეს და გადამარჩინე, რადგან შენი რჯული არ დავივიწყე! 154 გამომესარჩლე და დამიხსენი, შენი სიტყვისამებრ მაცოცხლე. 155 შორს არის ბოროტთაგან შველა, რადგან შენს წესდებებს არ ეძიებენ. 156 მოწყალებანი შენნი უხვია, უფალო, შენი სამართლის მიხედვით მაცოცხლე. 157 ბევრია ჩემი მდევარი და მოდავე; შენი მოწმობებისათვის არ გადამიხვევია. 158 ვხედავ განდგომილთ და ზიზღი მიპყრობს, რადგან შენს სიტყვებს არ იცავენ. 159 ნახე, რარიგ შევიყვარე შენი ბრძანებანი; უფალო, შენი წყალობისამებრ მაცოცხლე. 160 დასაბამი შენი სიტყვისა ჭეშმარიტებაა, და საუკუნოა ყველა განგებულება შენი სამართლისა. შინ 161 მთავარნი მდევნიან უმიზეზოდ; და შენი სიტყვებისაგან დაშინებულია გული ჩემი. 162 ვხარობ შენს სიტყვაზე, ვითარცა მპოვნელი უხვი ნადავლისა. 163 სიცრუე მძულს და მძაგს; შენი რჯული მიყვარს. 164 დღეში შვიდგზის გაქებ შენი მართალი განსჯებისათვის. 165 დიდია მშვიდობა შენი რჯულის მოყვარულთა, და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება. 166 იმედი მქონდა შენი შეწევნისა, უფალო, და შენს ბრძანებებს ვასრულებდი. 167 იცავდა ჩემი სული შენს მოწმობებს და მე ისინი მიყვარს ძალიან. 168 ვიცავდი შენს ბრძანებებს და მოწმობებს. რადგან ყველა ჩემი გზა შენს წინაშეა. თავ 169 მოახლოვდეს ჩემი ღაღადი შენს წინაშე, უფალო, და შენი სიტყვისამებრ განმსწავლე. 170 მოვიდეს ჩემი ვედრება შენს წინაშე, მიხსენი შენი აღთქმით! 171 წარმოთქვამენ ჩემი ბაგენი ქებას, რადგან მასწავლე წესდებანი შენი. 172 იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა. 173 იყოს შენი ხელი ჩემდა შემწედ, რადგან შენი ბრძანებანი ამოვირჩიე. 174 ვნატრობდი შენს შველას, უფალო, და შენი რჯული სასიამოვნოა ჩემთვის. 175 იცოცხლოს ჩემმა სულმა და გაქოს შენ, და შენი განგებულება შემეწიოს. 176 დავიბენი, ვითარცა ცხვარი დაკარგული; მოძებნე შენი მორჩილი, რადგან მცნებანი შენნი არ დავივიწყე!

ფსალმუნი 117                                                                                                                                       ფსალმუნი 119

COMMENTS