HomeUncategorized

ფსალმუნები 143

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1431 დავითისა. კურთხეულ არს უფალი, კლდე ჩემი, რომელმაც ასწავლა ჩემს ხელებს ბრძოლა, ჩემს თითებს – ომი. 2 მწყალობელო ჩემო და სიმაგრევ ჩემო, მცველო ჩემო და მხსნელო ჩემო; ჩემი ფარი ხარ, რომელიც მიფარავს, ის მიმორჩილებს ჩემს ერს. 3 უფალო, რა არის კაცი, რომ გახსოვს ის, ძე ადამისა, რომ რამედ მიიჩნევ? 4 ადამიანი ჰგავს ამაოებას, მისი დღეები – ვითარცა ჩრდილი გარდასული. 5 უფალო, მოდრიკე ცანი შენნი და გადმოდი! შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ! 6 გამოაელვე ელვანი და გაფანტე ისინი, გამოუშვი ისარნი შენნი და თავზარი დაეცი მათ. 7 გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან, 8 რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. 9 ღმერთო, ახალ გალობას გიგალობებ შენ. ათსიმიან ჩანგზე გიგალობებ შენ, 10 შენა ხარ მეფეთათვის ძლევის მიმცემი, შენ იხსნი დავითს, შენს მსახურს. მიხსენი მე ბოროტი მახვილისაგან. 11 გადამარჩინე უცხოთესლთა ხელიდან, რომელთა ბაგენი ტყუილს ლაპარაკობენ და რომელთა მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა. 12 რომ ჩვენი ძენი ნერგებივით იზრდებოდნენ მათს სიჭაბუკეში; ჩვენი ასულნი, ვითარცა სასახლის ოსტატურად თლილი სვეტები. 13 ჩვენი ბეღლები სავსე იყოს სხვადასხვა მოსავლით; ცხვარნი ჩვენნი ათასობდნენ და ათიათასობდნენ ჩვენს საძოვრებზე; 14 ჩვენი ხარები დატვირთულნი იყვნენ, არც ზარალი და არც დანაკლისი, და არც გოდება ჩვენს ქუჩებში! 15 ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც ასეა; ნეტარ არს ხალხი, რომლის ღმერთიც უფალია!

ფსალმუნი 142                                                                                                                                     ფსალმუნი 144

COMMENTS