HomeUncategorized

ფსალმუნები 104

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1041 ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ერებს საქმენი მისნი. 2 აქეთ იგი, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე! 3 განდიდდით მისი წმიდა სახელით! გამხიარულდეს გული უფლის მაძიებელთა. 4 ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის! 5 გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და სამართალნი მისთა ბაგეთა! 6 თესლო აბრაამისა, მისი მორჩილისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო! 7 ის, უფალი, ღმერთი არის ჩვენი; მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი. 8 ახსოვს მარადის აღთქმა თავისი, სიტყვა, რომ დაადგინა ათას თაობამდე, 9 რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი ისაკთან. 10 დაუდგინა იაკობს იგი წესად, და ისრაელს – სამარადჟამო აღთქმად. 11 უთხრა: „შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.” 12 როცა ისინი თითზე ჩამოსათვლელნი იყვნენ, ცოტანი და იქაური ხიზნები, 13 და უნდა ევლოთ ერთი ერიდან მეორესთან, ერთი სამეფოდან მეორესთან. 14 არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას, და ამუნათებდა მათ გამო მეფეებს: 15 „არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.” 16 და მოუხმო შიმშილს დედამიწაზე და ყოველი სახსარი პურისა შემუსრა. 17 გაგზავნა მათ წინ კაცი, მონად გაიყიდა იოსები. 18 გატანჯეს ბორკილებით ფერხნი მისნი, რკინა მისწვდა მის სულს. 19 ვიდრე აუსრულდებოდა ნათქვამი მისი, უფლის სიტყვამ გამობრძმედა იგი. 20 გაგზავნა მეფემ და გაათავისუფლა იგი; განმგებელი ხალხებისა გამოიხსნა. 21 დააყენა თავისი სახლის ბატონად და განმგებლად მთელი თავისი მონაგარისა. 22 რათა მოქცეოდა მის მთავრებს თავისი სურვილისამებრ და განებრძნო მოხუცებულნი მისნი. 23 და მოვიდა ისრაელი ეგვიპტეში, და ხიზანი გახდა იაკობი ქამის ქვეყანაში. 24 და ააღორძინა ღმერთმა მისი ერი ფრიად და გაამრავლა მის მტრებზე მეტად. 25 მოაქცია მათი გული უფლის ერის შესაძულებლად, მის მორჩილთა მიმართ სივერაგის განსაზრახველად. 26 გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია. 27 დაამკვიდრეს მათში მისი სასწაულები, და საოცრებანი მოიმოქმედეს ქამის ქვეყანაში. 28 მიავლინა წყვდიადი და იქმნა ღამე, და არ გაურჩებულან მის სიტყვაზე. 29 გადააქცია მათი წყლები სისხლად და დახოცა მათი თევზები. 30 აავსო მათი ქვეყანა მყვარით, მეფეთა პალატებიც კი. 31 თქვა და მოვიდნენ მწერები, მკბენარი – მთელს მათ საზღვრებში. 32 წვიმის მაგიერ სეტყვა წარმოუგზავნა მათ, ალმოდებული ცეცხლი – მათ ქვეყანას. 33 მოსრა ვაზი მათი და ლეღვი მათი, და დალეწა ხეები მათ საზღვრებში. 34 თქვა და მოვიდა კალია და მგრაგნელი აურაცხელი, 35 და გადაჭამეს მთელი ბალახი მათ ქვეყანაში, და გადასანსლეს მთელი ნაყოფი მათი მინდვრისა. 36 და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა. 37 და გამოიყვანა ისინი ვერცხლით და ოქროთი, და მათ ტომებში არავინ იყო უძლური. 38 გაუხარდა ეგვიპტეს მათი გამოსვლა, რადგან თავს დაატყდათ მათ შიში. 39 გადააფარა ღრუბელი საჩრდილოდ და ცეცხლი – ღამის გასანათებლად. 40 ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი. 41 გახსნა კლდე და გადმოდინდა წყალი, წავიდა უდაბნოში მდინარედ. 42 რადგან გაიხსენა თავისი წმიდა სიტყვა, თავისი მორჩილის – აბრაამის – მიმართ. 43 გამოიყვანა თავისი ხალხი სიხარულით, რჩეულნი თვისნი ზარ-ზეიმით. 44 და მისცა მათ წარმართთა ქვეყნები, და ნაჯაფი ერებისა დაიმკვიდრეს მათ. 45 რათა დაიცვან წესები მისი და მის კანონებს გაუფრთხილდნენ. ალელუია!

ფსალმუნი 103                                                                                                                                       ფსალმუნი 105

COMMENTS