ფსალმუნები 134

By
ივლისი 20, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1341 ალელუია! ადიდეთ სახელი უფლისა! ადიდეთ, მორჩილნო უფლისა, 2 რომელნიც დგახართ უფლის სახლში, ეზოებში ჩვენი ღმერთის სახლისა! 3 ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია! 4 რადგან იაკობი ამოირჩია თავისთვის უფალმა, ისრაელი – თავის წარჩინებულად. 5 რადგან ვიცოდი, რომ დიდია უფალი; და უფალი ჩვენი ყველა ღმერთზე დიდია. 6 ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა უფალმა, ცაში და ქვეყანაზე, ზღვებზე და ყოველ უფსკრულში. 7 ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის კიდით კიდემდე, ელვებს წვიმად აქცევს, გამოჰყავს ქარი თავისი საცავებიდან. 8 მან მოსრა პირმშო ეგვიპტისა – ადამიანიდან პირუტყვამდე. 9 მოავლინა ნიშნები და სასწაულები შენს შორის, ეგვიპტევ, ფარაონისა და მის მსახურეთა წინააღმდეგ. 10 მან მოსრა მრავალი თესლ-ტომი და დახოცა ძლიერი მეფენი: 11 სიხონი – მეფე ამორეველთა, ყოგი – მეფე ბაშანისა, და ყველა მეფე ქანაანისა. 12 და მისცა მათი ქვეყანა სამკვიდროდ, სამკვიდროდ ისრაელს – თავის ერს. 13 უფალო, შენი სახელი მარადიულია, უფალო, შენი სახსენებელი თაობიდან თაობამდეა. 14 რადგან განიკითხავს უფალი თავის ერს და თავის მორჩილთ შეივრდომებს. 15 წარმართთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი. 16 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ; 17 ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არცა აქვთ სუნთქვა მათ პირებს. 18 მათი მსგავსნი იქნებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. 19 ისრაელის სახლო, აკურთხე უფალი! აარონის სახლო, აკურთხე უფალი! 20 ლევის სახლო, აკურთხე უფალი! უფლის მოშიშნო, აკურთხეთ უფალი! 21 კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ალელუია!

ფსალმუნი 133                                                                                                                                     ფსალმუნი 135

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close