ფსალმუნები 95

By
ივლისი 16, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

951 უგალობეთ უფალს გალობა ახალი, უგალობეთ უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! 2 უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, ახარეთ დღითი დღე ხსნა მის მიერი. 3 მოუთხრეთ წარმართებს მისი ღირსება, ყოველ ერს – მისი სასწაულები. 4 რადგან დიდია უფალი და ღირსსაქები მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის, 5 რადგან ერების ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შექმნა ცანი. 6 მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში. 7 შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება. 8 შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში. 9 თაყვანი ეცით უფალს მოწიწებით; ათრთოლდით მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! 10 უთხარით ხალხებს: „უფალი მეფობს!” ამიტომ მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა. ის განიკითხავს ხალხებს სისწორით. 11 გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. იხმაურებს ზღვა და სავსება მისი. 12 გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა, მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი 13 უფლის წინაშე, რადგან ის მოდის, რადგან ის მოდის ქვეყნიერების განსასჯელად; განსჯის სამყაროს სიმართლით და ერებს – თავისი ჭეშმარიტებით.

ფსალმუნი 94                                                                                                                                            ფსალმუნი 96

კომენტარის დატოვება

Close
Close