HomeUncategorized

ფსალმუნები 103

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1031 აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! უფალო, ღმერთო ჩემო, დიდი ხარ ფრიად; მშვენებითა და ბრწყინვალებით ხარ შემოსილი. 2 გაკრავს სინათლე სამოსელივით, განგიფენია ცა კარავივით, 3 წყლებზე ააგო ზესართულები, მისი ღრუბლები გაიხადა ეტლად თავისთვის, მიმოდიოდა ქარის ფრთებზე. 4 რომელმაც შექმნა ქარები თავის მაცნეებად, ცეცხლი და ალი – თავის მსახურებად. 5 დააფუძნა დედამიწა თავის საძირკვლებზე, არ შეირყევა უკუნისამდე. 6 უფსკრულით, როგორც სამოსელით, დაფარე იგი; მთებზე დგას წყლები; 7 მაგრამ შენი რისხვით მიედინებიან, შენი ქუხილის ხმაზე ილტვიან. 8 ადიან მთებზე, ჩადიან ველებზე, იმ ადგილას, სადაც დააფუძნე. 9 საზღვარი დადე – წყლებს ვერ გადალახავენ, ვერც დაბრუნდებიან დედამიწის დასაფარავად. 10 გაუშვი წყაროები ხევებში, რომ მთებს შორის იდინონ; 11 დალიოს ყოველმა მხეცმა ველისამ, მოიკლან კანჯრებმა წყურვილი. 12 მათზე ცის ფრინველნი დამკვიდრებულან, რტოებიდან გამოსცემენ ხმას. 13 რწყავს მთებს თავისი ზესართულებიდან; შენთა საქმეთა ნაყოფით ძღება ქვეყანა. 14 აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას –ადამიანის სამსახურებლად, რათა გამოიღოს პური მიწიდან. 15 და ღვინომ გაამხიარულოს გული კაცისა, საცხებელმა გააბრწყინოს სახე მისი, და პურმა შეამტკიცოს გული კაცისა. 16 გაძღნენ ხენი უფლისანი და კედრები ლიბანისა, მან რომ დანერგა. 17 რომ იქ ჩიტებმა დაიდონ ბუდე: კვიპაროსები ყარყატის სახლია. 18 მთანი მაღალნი – ქურციკისათვის, კლდენი – კურდღელთა თავშესაფარი. 19 შექმნა მთვარე ჟამთათვის; მზემ იცის თავისი დასავალი. 20 განავრცობ ბნელს და იქნება ღამე, მაშინ ამოძრავდებიან ყოველნი ნადირნი ტყისა. 21 ლომის ბოკვერები ბრდღვინავენ ნადავლისათვის და მოითხოვენ ღმერთისაგან თავიანთ საჭმელს. 22 ამობრწყინდა მზე – შეგროვდებიან და თავიანთ ბუნაგებში დაწვებიან. 23 გავა ადამიანი, რათა იშრომოს და იმუშაკოს მწუხრის ჟამამდე. 24 რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით 25 ეს ზღვაა, დიდი და უკიდეგანო, იქ ქვეწარმავალია ურიცხვი, მხეცნი – მცირენი დიდებთან ერთად. 26 იქ ხომალდები დადიან; ლევიათანი – ეს შენ შექმენი მასში გასართობად. 27 ყველა შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავთავის დროზე. 28 მისცემ მათ – აიღებენ, გახსნი შენს ხელს – გაძღებიან სიკეთით. 29 დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – დაიხოცებიან და თავიანთ მიწა-მტვრად მიიქცევიან; 30 გაუშვებ შენს სულს – წარმოიქმნებიან, და განაახლებ პირს მიწისას. 31 იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე! იხარებდეს უფალი თავის ქმნილებაზე! 32 დახედავს დედამიწას და ის აცახცახდება, შეეხება მთებს და აკვამლდებიან. 33 ვუგალობებ უფალს ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ. 34 ეამოს მას ჩემი გალობა! მე გავიხარებ უფალში. 35 გაქრებიან ცოდვილნი ქვეყნიერებიდან და ბოროტნი აღარ იქნებიან! აკურთხე, სულო ჩემო, უფალი! ალელუია!

ფსალმუნი 102                                                                                                                                        ფსალმუნი 104

COMMENTS