HomeUncategorized

ფსალმუნები 72

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

721 ფსალმუნი ასაფისა. რა კეთილია ღმერთი ისრაელის მიმართ, გულწრფელთა მიმართ. 2 მე კი – კინაღამ გადაუხვიეს ჩემმა ფეხებმა, კინაღამ მომიცურდა ნაბიჯები! 3 რადგან შემშურდა სულელებისა, როცა ვხედავდი ბოროტთა კეთილდღეობას. 4 რადგან არა აქვთ შეჭირვება სიკვდილამდე, და გამტკიცებულია მათი გვამი. 5 არ იტანჯებიან სხვა კაცთა მსგავსად და სხვა ადამიანებივით არ ტვირთმძიმობენ. 6 ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნება და ძალადობა სამოსელივით შეიმოსეს. 7 სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით. 8 ლაპარაკობენ დამცინავად და ბოროტად, ძალადობით იმუქრებიან. 9 მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება. 10 ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ, და სვამენ წყალს სავსე თასიდან. 11 და ამბობენ: „როგორ შეიტყობს ღმერთი? განა აქვს გაგება უზენაესს?” 12 აჰა, ესენი არიან ბოროტნი, და უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს. 13 ამაოდ გავისუფთავე გული და დავიბანე სიწმიდით ხელები. 14 და ვიყავი ნაგვემი ყოველდღე, და ვიტანჯებოდი დილდილობით. 15 რომ მეთქვა: „ვიმსჯელებ ასე,” მაშინ შენი შვილების თაობას ვუღალატებდი. 16 და ვიფიქრე, რომ შემეგნო ეს – მაგრამ ძნელი იყო ჩემს თვალში. 17 ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს. 18 მაგრამ მოლიპულ გზაზე დააყენე ისინი და უფსკრულში გადაჩეხე. 19 როგორ მეყსეულად განადგურდნენ, დაიღუპნენ, გაქრნენ შიშის ზარისაგან! 20 როგორც სიზმარი ქარწყლდება გამოღვიძების შემდეგ, უფალო, ისე დაამცირებ მათ სახეებს, როცა გამოაფხიზლებ. 21 როცა გული დამიძმარდა და შიგანი დამეფლითა, 22 უმეცარი ვიყავი და ვერ მივხვდი, პირუტყვივით ვიყავი შენს წინაშე. 23 ხოლო მე მუდამ შენთან ვარ, ხელთ გიპყრია მარჯვენა ჩემი. 24 შენი რჩევით მიმიძღვი წინ, და შემდგომ პატივით მიმიღებ. 25 ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე. 26 ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე. 27 რადგან აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც გაგიორგულდება. 28 ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.

ფსალმუნი 71                                                                                                                                           ფსალმუნი 73

COMMENTS