HomeUncategorized

ფსალმუნები 89

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

891 ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე. 2 ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი. 3 კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: „დაბრუნდით, ძენო კაცთანო!” 4 რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და ერთი გუშაგობა ღამისა. 5 ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება: 6 დილას ყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება. 7 რადგანაც დავილიეთ შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით. 8 ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო – შენი სახის შუქის წინ. 9 რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ისე მიდის ჩვენი წლები, როგორც ერთი ამოსუნთქვა. 10 ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს – ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფისა და არარაობისა, რადგან სწრაფად მიჰქრიან და ჩვენც იქით მივფრინავთ. 11 ვინ იცის შენი რისხვის ძალა, და შენი მძვინვარება შიშის შიშისამებრ? 12 ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ ბრძენი გული. 13 მობრუნდი, უფალო, – ვიდრემდე მიგვატოვებ?– და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს. 14 გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა. 15 გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ. 16 იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება – მათმა შვილებმა. 17 და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.

ფსალმუნი 88                                                                                                                                             ფსალმუნი 90

COMMENTS