ფსალმუნები 113

By
ივლისი 19, 2015
ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1131 როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა – უცხოენოვანი ერისაგან, 2 გახდა იუდა მისი საწმიდარი, ისრაელი – მისი სამფლობელო. 3 ზღვამ დაინახა და ილტოდა, იორდანე უკან გაბრუნდა; 4 მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი – კრავებივით. 5 რა დაგემართა, ზღვაო, რომ ილტოდი, და, იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი? 6 მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და, ბორცვებო, კრავებივით? 7 უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმრეთის წინაშე, 8 რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი – წყაროს წყლად! 9 ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება, შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტებით. 10 რატომ უნდა თქვან წარმართებმა: „სად არის ღმერთი მათი?” 11 ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა. 12 მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი. 13 პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, 14 ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ, 15 ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. 16 მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი. 17 ისრაელო, მიენდე უფალს! შემწე და ფარია ის მათი. 18 აარონის სახლო, მიენდე უფალს! შემწე და ფარია ის მათი. 19 მოშიშნო უფლისა, მინდეთ უფალს! შემწე და ფარია ის მათი. 20 უფალს ვახსოვართ – გვაკურთხებს! აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს! 21 აკურთხებს უფლის მოშიშებს, პატარებს დიდებთან ერთად. 22 დაე, გაგამრავლოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენი შვილები. 23 კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ. 24 ცა – ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა კაცთა შვილებს. 25 არა თუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი შავეთს შთასული, 26 არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ალელუია!

ფსალმუნი 112                                                                                                                                       ფსალმუნი 114

კომენტარის დატოვება

Close
Close