HomeUncategorized

ფსალმუნები 61

ძველი აღთქმა
ფსალმუნები
611 გუნდის ლოტბარს. იედუთუნისთვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან მოდის ჩემი ხსნა. 2 მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი მაღალი კოშკი; აღარ დავეცემი მეტად. 3 ვიდრემდე დაესხმით თავს ადამიანს, და გსურთ მისი დაქცევა, როგორც დაკიდული კედლის, მორყეული ყორის? 4 განიზრახავენ მის სიმაღლიდან გადმოგდებას; მიმართავენ სიცრუეს; პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან. 5 მხოლოდ ღმერთს ელოდება წყნარად ჩემი სული; რადგან მისგან მოდის ჩემი იმედი. 6 მხოლოდ ის არის ჩემი კლდე და ჩემი ხსნა, ჩემი სიმაგრე; არ დავეცემი. 7 ღმერთისგან არის ჩემი ხსნა და ჩემი ღირსება; კლდე ჩემი ძალისა და ჩემი თავშესაფარი ღმერთის მიერაა. 8 მას მიენდეთ ყოველჟამს, ხალხნო, თქვენი გული გადმოღვარეთ მის წინაშე! ღმერთია ჩვენი თავშესაფარი. 9 მხოლოდ არარაობა არიან ადამის ძენი, ცრუობენ კაცთა შვილები; სასწორზე რომ დადო, ყველა ერთად არარაობაზე უარესია. 10 არ დაამყაროთ იმედი მძარცველობაზე და მტაცებლობას ნუ გამოედევნებით; დოვლათი, ოდეს გაიზარდოს, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. 11 ერთხელ თქვა ღმერთმა, ორჯერ მოვისმინე, რადგან ღმერთისაა ძალა. 12 და შენი არს, უფალო, წყალობა, რადგან შენ მიუზღავ თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.

ფსალმუნი 60                                                                                                                                            ფსალმუნი 62

COMMENTS