HomeUncategorized

ფსალმუნები 102

ძველი აღთქმა
ფსალმუნები

1021 დავითისა. ადიდე, სულო ჩემო, უფალი და, მთელო შიგნეულობავ ჩემო, მისი წმიდა სახელი! 2 ადიდე, სულო ჩემო, უფალი, და ნუ დაივიწყებ რაც კეთილი გიყო! 3 ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა. 4 საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით; 5 სიკეთით აღმვსები შენი სიცოცხლისა, ორბივით განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა. 6 სიმართლეს იქმს უფალი და სამართალს ყოფს ყველა ჩაგრულთათვის. 7 აუწყა თავისი გზები მოსეს, ისრაელიანთ – თავისი საქმენი. 8 შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე. 9 არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. 10 არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა. 11 რადგან რაოდენ ცა მაღალია დედამიწაზე, მისი წყალობაც ძლიერია მის მოშიშთა მიმართ; 12 როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. 13 როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარა უფალმა მოშიშნი მისნი; 14 ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ. 15 ბალახივით არის დღენი კაცისა; ველის ყვავილივით აყვავდება; 16 რადგან ქარი გადაუქროლებს და აღარ არის, და ვეღარავინ იცნობს მის ნადგომს; 17 ხოლო წყალობა უფლისა უკუნისამდეა მის მოშიშთა მიმართ, და მისი სიმართლე – შვილთაშვილებზე; 18 მათზე, ვინც იცავს თავის აღთქმას და ვისაც ახსოვს მისი მცნებანი და ასრულებს კიდეც. 19 უფალმა ცაში დაიდგა ტახტი თვისი, და მეუფება მისი ფლობს ყოველივეს. 20 ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნი ემორჩილებიან მის ნათქვამს. 21 ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო! 22 ადიდეთ უფალი, ყოველნი საქმენი მისნი, მისი მეუფების ყველა ადგილას! ადიდე, სულო ჩემო, უფალი!

ფსალმუნი 101                                                                                                                                      ფსალმუნი 103

COMMENTS