ძველი აღთქმა
ფსალმუნები
701 შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ უკუნისამდე. 2 შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე. 3 იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; რადგან ბრძანე ჩემი შველა, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ. 4 ღმერთო ჩემო, მიხსენი ღვთის ხელისაგან, უკანონობის მოქმედის და მძარცველის ხელისაგან. 5 რადგან შენა ხარ ჩემი იმედი, უფალო, უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემი სასო ყრმობიდანვე. 6 შენზე ვიყავი დაყრდნობილი დედის მუცლიდანვე, შენ გამომიყვანე დედის წელიდან; შენ გეკუთვნის ჩემი ხოტბა მუდამ. 7 საოცრებასავით ვიყავი მრავალთათვის; და შენ ხარ ჩემი მტკიცე თავშესაფარი. 8 ივსება ჩემი პირი შენი ქებით, და შენმიერი ბრწყინვალებით ყოველჟამს. 9 ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ. 10 რადგან მოილაპარაკეს ჩემმა მტრებმა ჩემზე და ერთად მოითათბირეს ჩემი სულის წინააღმდეგ ჩასაფრებულებმა. 11 და ამბობენ: „ღმერთმა მიატოვა იგი; დაედევნეთ და შეიპყარით, რაკი არა ჰყავს მხსნელი.” 12 ღმერთო, ნუ დამშორდები; ღმერთო ჩემო, ჩემს შესაწევად გამოეშურე. 13 დაე, შერცხვნენ და მოისპონ ჩემი სულის მაშფოთარნი; სირცხვილმა და გაწბილებამ დაბუროს ჩემთვის სიავის მაძიებლები. 14 ხოლო მე მსურს მარად მოველოდე და ვამრავლებდე შენს დიდებას. 15 ბაგენი ჩემი ილაპარაკებენ შენს სიმართლეზე, ყოველდღე შენმიერ შველაზე, რომელთა რიცხვიც არ ვიცი. 16 შევალ განსჯებში უფლის ძლიერებაზე, გავიხსენებ შენს სიმართლეს, მხოლოდ შენსას. 17 ღმერთო, შენ მასწავლიდი ყრმობიდანვე და დღემდე ვიუწყები შენს საოცრებაზე. 18 ასევე მოხუცებულობამდე და ღრმა სიბერემდე ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ვიდრე გავაცნობდე შენს მკლავს მომავალ თაობას და ყველა მომავალს – შენს სიძლიერეს. 19 ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი; ღმერთო, ვინ არის შენი ბადალი? 20 შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ. 21 შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად. 22 მეც მადლობას გადაგიხდი ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო, გიგალობებ ქნარით, წმიდაო ისრაელისა. 23 იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი. 24 ჩემი ენაც ყოველდღე წარმოსთქვამს შენს სიმართლეს; რადგან შერცხვნენ და დამცირდნენ ჩემი ავის მაძიებელნი.