ძველი აღთქმა
ფსალმუნები
ფსალმუნები
431 გუნდის ლოტბარს. კორახის ძეთა მოძღვრება. ღმერთო, ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ჩვენი მამები გვიამბობდნენ, თუ რა საქმე მოიმოქმედე მათ დღეებში, უძველეს დროში. 2 შენ შენი ხელით განდევნე წარმართნი, ხოლო ისინი დანერგე; გაანადგურე ერები და განდევნე, ისინი კი გააფართოვე. 3 ვინაიდან მათ ხმლებით არ მოუპოვებიათ ქვეყანა, და მათ მკლავებს არ დაუხსნიათ ისინი, არამედ შენმა მარჯვენამ, შენმა მკლავმა და შენი სახის ნათელმა, რადგან მათდამი კეთილგანეწყვე. 4 შენ ხარ ის, ხელმწიფეო ჩემო, ღმერთო, უბოძე შველა იაკობს. 5 შენით დავანარცხებთ ჩვენს მტრებს; შენი სახელით გავთელავთ ჩვენ მოდავეებს. 6 რადგან ჩემს მშვილდზე არა ვარ დანდობილი და ჩემი მახვილი არ დამიხსნის, 7 არამედ შენ გვიხსნი ჩვენი მტრებისაგან და ჩვენს მოძულეებს შეარცხვენ. 8 ღმერთით ვიქადოდით დღეყოველ და შენს სახელს ვადიდებთ უკუნისამდე. 9 მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან. 10 უკუგვაქციე ჩვენ მტრისაგან, და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ. 11 მიგვეცი ჩვენ, როგოც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის. 12 გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე. 13 მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად – ჩვენს ირგვლივ მყოფთა. 14 იგავად გვაქციე ხალხებს შორის, თავის საქნევად ერებს შორის. 15 დღეყოველ ჩემი აუგი ჩემს წინაშეა, და სირცხვილი მიფარავს სახეს 16 შემარცხვენლისა და მაგინებლის ხმისაგან, მტრისა და შურისმაძიებლისაგან. 17 ყოველივე ეს გვეწია ჩვენ, და მაინც არ დაგივიწყეთ შენ, არ გაგვიმრუდებია შენი აღთქმა. 18 არ უკუქცეულან ჩვენი გულები, და არც ჩვენს ტერფებს გადაუხვევიათ შენი ბილიკიდან. 19 როცა შენ შეგვმუსრე ტურების ადგილას და გადაგვაფარე სიკვდილის ჩრდილი. 20 ჩვენ რომ დაგვევიწყებინა სახელი ჩვენი ღმერთისა, და ხელი გაგვეშვირა უცხო კერპებისათვის, 21 განა ღმერთი არ გვაზღვევინებდა ამას? რადგან მან იცის საიდუმლონი გულისა. 22 ხოლო შენი გულისათვის გვკლავდნენ ყოველდღე; დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნიეს. 23 გამოიღვიძე, რატომ გძინავს, უფალო? გამოფხიზლდი, სამუდამოდ ნუ მიგვატოვებ. 24 რატომ იფარავ სახეს და ივიწყებ ჩვენს მწუხარებასა და გაჭირვებას? 25 რადგან ჩვენი სული მიწა-მტვრამდეა დამდაბლებული, მიწას განერთხა ჩვენი მუცელი. 26 აღსდექ ჩვენს დასახმარებლად და გვიხსენი შენი წყალობის გულისათვის.