ესაია 9

ივლისი 1, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
91 რადგან აღარ არის ბნელი მისთვის, ვინც შევიწროებულია. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულუნის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ისე უკანასკნელმა განადიდა ზღვის გზა იორდანეს გაღმა, წარმართთა გალილეა. 2 ბნელში მოარულმა ხალხმა იხილა დიდი ნათელი; სიკვდილის აჩრდილის ქვეყნის მცხოვრებლებზე გაბრწყინდა იგი. 3 შენ გაამრავლე ერი, გაუძლიერე მას მხიარულება, ისინი მხიარულებდნენ შენს წინაშე, როგორც მხირულობენ მოსავლის აღებისას, როგორც ილხენენ ნადავლის გაყოფისას. 4 რადგან უღელი მისი ტანჯვისა, არგანი მისი მხრებისა და შოლტი მისი მჩაგვრელისა შენ შემუსრე, როგორც მიდიანის დღეს. 5 რადგან ყოველი ხმაურის გამომწვევი ფეხსაცმელი მეომრისა და სისხლში ამოსვრილი სამოსელი დასაწვავად იქნება გადაცემული, ცეცხლის შესაჭმელად. 6 რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა. 7 რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად, დავითის ტახტზე და მის სამეფოზე, რათა გაამყაროს და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან და უკუნისამდე. უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას. 8 სიტყვა გაგზავნა უფალმა იაკობთან და ისრაელში ჩავარდა! 9 და გაიგებს მთელი ხალხი, ეფრემი და სამარიის მცხოვრები, სიამაყითა და დიდგულობით რომ ამბობენ: 10 „აგურები დაცვივდა, მაგრამ გათლილი ქვით ავაშენებთ. ნეკერჩხალი აიჩეხა და კედრებით შევცვლით მათ”. 11 და გააძლიერებს უფალი მის წინააღმდეგ რეცინის შემჭირვებლებს და მის მტრებს წააქეზებს: 12 არამელთ აღმოსავლეთიდან და ფილისტიმელთ დასავლეთიდან, და შეჭამენ ისინი ისრაელს სიხარბით, მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, და მისი ხელი კვლავ მოღერებულია. 13 ხალხი არ შებრუნდა მისი მცემელისაკენ, და უფალი ცაბაოთი არ მოიძია. 14 წააცლის უფალი ერთ დღეს ისრაელს თავსა და კუდს, პალმის ფოთოლსა და ლელქაშს. 15 უხუცესი და ღირსეული თავია და წინასწარმეტყველი, ცრუ მოძღვარი – კუდი. 16 წინამძღოლნი ამ ხალხისა მაცთუნებელნი იქნებიან, და მათგან წაძღოლილნი დაიღუპებიან. 17 ამის გამო მის ჭაბუკებზე არ გაიხარებს უფალი, და მის ობლებსა და მის ქვრივებს არ შეიწყალებს; რადგან ყველა პირფერი და ბოროტმოქმედია, და ყოველი ბაგე უწმაწურად მოლაპარაკეა; მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა, და მისი ხელი კვლავ მოღერებულია. 18 რადგან ცეცხლივით გიზგიზებს ბიწიერება, ნარ-ეკალს, კვრინჩხსა და მჩხვლეტავ ბუჩქნარსა ჭამს იგი, და ცეცხლს უკიდებს უღრან ტყეს და ამოდის კვამლის სვეტები. 19 უფალ ცაბაოთის წყრომისაგან დაბნელდა ქვეყანა და ხალხი ცეცხლის შესაჭმელად იქცა. ადამიანები არ დაინდობენ ერთმანეთს. 20 და მოჭრის მარჯვნივ და მშიერი იქნება, შეჭამს მარცხნივ და ვერ გაძღება. ყოველი თავის მკლავის ხორცს შეჭამს – 21 მენაშე ეფრემს და ეფრემი მენაშეს, ორივე ერთად – იუდას წინააღმდეგ. მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ მოღერებულია.
თავი მერვე                                                                                                                                                   თავი მეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close