HomeUncategorized

ესაია 8

ძველი აღთქმა
ესაია
81 და მითხრა უფალმა: „აიღე შენთვის დიდი გრაგნილი და დაწერე მასზე ჩვეულებრივი ასოებით: მაჰერ შალალ ხაშ ბაზ (ისწრაფე ალაფობა, დააჩქარე ძარცვა!). 2 „და ავიყვანე სარწმუნო მოწმენი: ურია მღვდელი და ზაქარია იებერექიაჰუს ძე.” 3 და დავუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს, და დაორსულდა და შვა ძე და მითხრა უფალმა: „უწოდე მას სახელად: ‘მაჰერ შალალ ხაშ ბაზ!’ 4 რადგან, სანამ ყმაწვილი შეძლებს თქვას: ‘მამა’ და ‘დედა’, დამასკოს სიმდიდრესა და სამარიის ნადავლს წაიღებენ აშურის მეფის წინაშე.” 5 და გააგრძელა უფალმა ჩემთან ლაპარაკი: 6 „იმის გამო, რომ ხალხმა მოიძულა წყნარად მომდინარე შილოახის წყალი და უხაროდათ რეცინი და რემალიაჰუს ძე, 7 ამიტომ უფალი გადმოადენს მათზე ძლიერ და დიდ წყლებს მდინარისას – აშურის მეფეს და მთელ მის დიდებას, და აიწევს მისი ყველა კალაპოტიდან და გადმოვა მისი ყველა ნაპირიდან, 8 და გაივლის იუდაში და წალეკავს და გადაივლის და ყელამდე მისწვდება, და მისი ფრთების გაშლა მთელი შენი ქვეყნის სიგანისა იქნება, ემანუელ!” 9 აწიოკდით, ხალხებო, და შეძრწუნდით! ყური დაუგდეთ, ქვეყნის ყველა შორეულო მხარეებო! შემოისარტყლეთ და შეძრწუნდით! შემოისარტყლეთ და შეძრწუნდით! 10 განიზრახეთ განზრახვა, მაგრამ დაირღვევა, თქვით სიტყვა, მაგრამ არ შესრულდება, რადგან ჩვენთანაა ღმერთი!” 11 რადგან ასე მითხრა უფალმა წინასწარმეტყველური ხელის ძალით და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით: 12 „ნუ უწოდებთ შეთქმულებას ყოველივე იმას, რასაც ეს ხალხი უწოდებს შეთქმულებას; და ნუ შეგეშინდებათ იმისი, რისიც მას ეშინია, და ნუ დაფრთხებით. 13 უფალი ცაბაოთია, წმიდად რომ უნდა შერაცხოთ! და ისაა თქვენი შიში და ისაა თქვენი ზარი. 14 და იქნება ის სიწმიდედ და დაბრკოლების ქვად და წინაღობის კლდედ ისრაელის ორივე ხალხისათვის; მახედ და ბადედ იერუსალიმის მცხოვრებთათვის. 15 და წაბორძიკდებიან მათზე მრავალნი და დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან ბადეში და შეპყრობილ იქნებიან.” 16 შეკარი მოწმობა, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეთა შორის. 17 და დაველოდები უფალს, რომელიც იფარავს თავის სახეს იაკობის სახლისაგან, და ვესავ მას. 18 აი, მე და ბავშვები, რომლებიც მომცა მე უფალმა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში სიონის მთაზე დავანებულ უფალ ცაბაოთისაგან, 19 თუ გეტყვიან: „გამოჰკითხეთ მკვდრის გამომძახებელთ და გრძნეულთ, მოჩურჩულეთ და მუცლით მეზღაპრეებს,” განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ გამოჰკითხავს მკვდართა მეშვეობით ცოცხალთათვის? 20 რჯულსა და მოწმობას ვფიცავ, რომ იტყვიან ისინი ისეთ სიტყვას, რომელსაც არა აქვს განთიადი. 21 და გაივლის მასში გაჭირვებული და მშიერი და, როცა შიმშილი გატანჯავს, გამძვინვარდება, დასწყევლის თავის მეფეს და თავის ღმერთს და აიხედავს ზემოთ, 22 და დახედავს მიწას და აჰა, უბედურება და სიბნელე, გაჭირვების წყვდიადი; და უკუნეთში განიდევნება.
თავი მეშვიდე                                                                                                                                            თავი მეცხრე

COMMENTS