HomeUncategorized

ესაია 19

ძველი აღთქმა
ესაია
191 წარმონათქვამი ეგვიპტეზე: ნახეთ, უფალი ზის სწრაფ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში, და შეიძრებიან ეგვიპტის კერპნი მის წინაშე, და ეგვიპტელთა გულები დადნება მის წიაღში. 2 „მე წავაქეზებ ეგვიპტელებს ეგვიპტელთა წინააღმდეგ; და შეებრძოლებიან ისინი – ძმა ძმას და მოყვასი მოყვასს, ქალაქი ქალაქს, სამეფო სამეფოს. 3 და ეგვიპტის სული დაილევა მის წიაღში; და ჩავშლი მის განზრახვას. გამოჰკითხავენ ისინი კერპებს, წამჩურჩულებელთ, მესულთანეთ და მკითხავთ; 4 და გადავცემ ეგვიპტელებს სასტიკ ბატონთა ხელთ, და მძლავრი მეფე იმბრძანებლებს,” სიტყვა უფალ ცაბაოთისა. 5 და ამოშრება წყალი ზღვაში, მდინარე გავერანდება და დაშრება. 6 და ამყრალდებიან მდინარეები, დაიწრიტება და დაშრება ეგვიპტის არხები, ლერწამი და ლაქაში დაჭკნება. 7 გაშიშვლდება მინდვრები მდინარესთან, მდინარის მთელი ნაპირი და მთელი ნათესი გახმება, გაიხვეტება და აღარ იქნება. 8 ატირდებიან მეთევზენი და იგლოვებს მდინარეში ანკესის ყველა გადამგდები, და წყალზე ბადის გამფენელს ქანცი გაუწყდება. 9 შერცხვებიან სელის მჩეჩავნი და თეთრი ტილოს მქსოველნი. 10 დაილეწება მისი სვეტები, და ყველა მოქირავნეს სული შეუღონდება. 11 მაგრამ სულელნი არიან ცოყანის მთავარნი: ფარაონის ბრძენ მრჩეველთა რჩევა გაცუდდა! როგორ ეტყვით თქვენ ფარაონს: „ბრძენთა ძე ვარ, მე ვარ ძე უწინდელ მეფეთა?” 12 თუ ასეა, სად არიან შენი ბრძენნი? გითხრან და შეიტყონ, რა გადაუწყვიტა უფალმა ცაბაოთმა ეგვიპტეს! 13 სულელურად მოიქცნენ ცოყანის მთავარნი, მოტყუვდნენ ნოფის მთავარნი; გზაკვალი აურიეს ეგვიპტეს მისი ტომების წინამძღოლებმა. 14 უფალმა ჩაუღვარა წიაღში უკუღმართი სული და მათ გზაკვალი აურიეს ეგვიპტეს მის ყველა საქმეში, მთვრალივით ბარბაცებს თავის ნარწყევში. 15 და არ იქნება ეგვიპტეში საქმე, რასაც გააკეთებს თავი და კუდი, პალმის ფოთოლი და ლელქაში. 16 იმ დღეს ეგვიპტელები ქალებს დაემსგავსებია და დაფრთხებიან და შეეშინდებათ უფალ ცაბაოთის ხელის მოქნევისა, როცა ხელს მოიქნევს მათზე. 17 და იქნება იუდას მიწა შიშისზარი ეგვიპტისათვის; ყოველი, ვინც მას გაიხსენებს, აკანკალდება უფალ ცაბაოთის განაჩენის გამო, რაც მან განაჩინა მასზე. 18 იმ დღეს ეგვიპტის ქვეყანაში ხუთი ქალაქი ილაპარაკებს ქანაანის ენაზე და დაიფიცებს უფალ ცაბაოთს. ირჰერესს უწოდებენ ერთ ქალაქს. 19 იმ დღეს უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში იქნება და უფლის სვეტი – მის საზღვართან. 20 და იქნება ეს ნიშნად და მოწმობად უფალ ცაბაოთისა ეგვიპტის ქვეყანაში: როდესაც შეჰღაღადებენ ისინი უფალს შემჭირვებელთა გამო, ის გამოუგზავნის მათ მხსნელს და ქომაგს და უშველის მათ. 21 და ცნობილი გახდება უფალი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი შეიცნობენ უფალს იმ დღეს, და მოიტანენ შესაწირავსა და ძღვენს, და აღთქმას აღუთქვამენ უფალს და აღასრულებენ. 22 და წყლულით დააწყლულებს უფალი ეგვიპტეს და განკურნავს და მოიქცევიან ისინი უფლისაკენ, შეისმენს მათ ვედრებას და განკურნავს მათ. 23 იმ დღეს გზა იქნება ეგვიპტიდან აშურში და მოვლენ აშურელნი ეგვიპტეში და ეგვიპტელნი აშურში, და ეგვიპტელნი აშურთან ერთად თაყვანს სცემენ უფალს. 24 იმ დღეს ისრაელი მესამე მოკავშირე იქნება ეგვიპტისა და აშურისა. კურთხევად იქნებიან ისინი ქვეყნის შუაგულში. 25 რადგან აკურთხა ის უფალმა ცაბაოთმა ასე: „კურთხეულ იყოს ჩემი ხალხი – ეგვიპტელნი, ჩემი ხელის ნაკეთები – აშური და ჩემი წილხვედრილი – ისრაელი.”
თავი მეთვრამეტე                                                                                                                                        თავი მეოცე
Newer Post
Older Post

COMMENTS