ძველი აღთქმა
ესაია
281 ვაი, მთვრალ ეფრემელთა საამაყო გვირგვინს, იმ დამჭკნარ ყვავილს მისი დიდებული მშვენიერებისა, რომელიც ღვინითაა დაცემული პოხიერი ხეობის თავში. 2 აჰა, უფალს ჰყავს ძლიერი და მაგარი, როგორც სეტყვის ღვარი, დამღუპველი ქარიშხალი, როგორც ძლიერი წამლეკავი წყლების ნიაღვარი, მიწად დაამხობს მას თავისი ხელით. 3 ფეხებით გაითელება მთვრალ ეფრემელთა სიამაყის გვირგვინი, 4 და დამჭკნარი ყვავილი მისი დიდებული მშვენიერებისა, რომელიც პოხიერი ხეობის თავზეა; ზაფხულამდე დამწიფებული პირველნაყოფივით იქნება, რომელსაც მისი დამნახველი ხელში აღებისთანავე გადაყლაპავს. 5 იმ დღეს უფალი ცაბაოთი იქნება მშვენიერების გვირგვინად და დიდების ჯიღად თავისი ერის ნატამალისთვის. 6 და სიმართლის სულად სასამართლოში მჯდომისათვის, და სიმამაცედ ჭიშკარში თავდასხმის მომგერიებელთათვის. 7 და ესენიც ბანცალებენ ღვინისგან და თაფლუჭისაგან ბარბაცებენ. მღვდელი და წინასწარმეტყველი ბანცალებენ სასმელისგან, აირივნენ ღვინისაგან, ბარბაცებენ თაფლუჭისაგან, ბანცალებენ ხილვის დროს, ბორძიკობენ სასამართლოში. 8 რადგან ყველა მაგიდა სავსეა ნარწყევითა და განავლით, აღარ დარჩა სუფთა ადგილი. 9 „ვის ასწავლოს მან ცოდნა და ვის განუმარტოს მოსმენილი? რძეს გადაჩვეულ ჩვილებს? ძუძუს მოწყვეტილთ? 10 რადგან ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ხაზი ხაზზე, ხაზი ხაზზე, ცოტა იქ, ცოტა აქ”. 11 რომ ბორძიკა ბაგეებით და უცხო ენაზე ილაპარაკოს ამ ხალხთან, 12 რომელსაც უთხრა: „აჰა, დასვენება. დაასვენეთ დაღლილი და ეს არის შვება,” მაგრამ მათ არ უნდოდათ მოსმენა. 13 და გახდა მათთვის სიტყვა უფლისა – „ბრძანება ბრძანებაზე, ბრძანება ბრძანებაზე, ხაზი ხაზზე, ხაზი ხაზზე, ცოტა აქ, ცოტა იქ,” რათა წასულიყვნენ და გულაღმა დაცემულიყვნენ, დალეწილიყვნენ და მახეში გაბმულიყვნენ, ტყვედ წასხმულიყვნენ. 14 ამიტომ, ისმინეთ სიტყვა უფლისა, დამცინავო კაცნო, განმგებელნო ამ ერისა, რომელიც იერუსალიმშია. 15 რადგან თქვენ ამბობდით: „ჩვენ კავშირი შევკარით სიკვდილთან და შავეთთან დავდეთ ხელშეკრულება. როდესაც წამლეკავი შოლტი გადაივლის, ჩვენ ვერ მოგვეწევა, რადგან სიცრუე გავიხადეთ თავშესაფარად და ტყუილში დავიმალეთ.” 16 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აჰა, მე დავაფუძნე სიონში ქვა, საიმედო ქვა, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი, მასზე დანდობილი არ გაწბილდება. 17 მე დავდებ სამართალს საზომად და სიმართლეს სასწვრად, და წახვეტავს სეტყვა სიცრუის თავშესაფარს, და სამალავს წყალი წალეკავს. 18 დაირღვევა თქვენი კავშირი სიკვდილთან და ხელშეკრულება შავეთთან ვერ გაძლებს. და როდესაც წამლეკავი შოლტი გადაივლის, მისი სათელავი შეიქნებით. 19 როცა კი გადაივლის, წაგიღებთ თქვენ, რადგან ყოველ დილით გადაივლის, დღისით და ღამით. მხოლოდ შიში იქნება ამბის გაგებისას. 20 რადგან მოკლე იქნება საწოლი, რომ გაიჭიმონ, და წასახური ვიწრო, რომ შიგ გაეხვიონ, 21 რადგან აღდგება უფალი, როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის იგი, როგორც გაბაონის ხეობაში, რათა გააკეთოს თავისი საქმე, თავისი უცხო საქმე, და შეასრულოს თავისი საშრომელი. 22 ახლა კი ნუ მასხრობთ, რათა არ გამაგრდეს თქვენი ბორკილები, რადგან მთელი ქვეყნის განადგურების განაჩენი მოვისმინე მე უფლისაგან, ცაბაოთ ღმერთისაგან. 23 ყური დაუგდეთ და ისმინეთ ჩემი ხმა, ყურად იღეთ და გაიგონეთ ჩემი ნათქვამი. 24 განა მხოლოდ ხნავს მხვნელი დასათესად, კვალავს და ფარცხავს თავის მიწას? 25 განა არ მოასწორებს მის ზედაპირს? არ ფანტავს სოინჯს? კვლიავს არ მიმოყრის? და ხორბალს და ქერს არ მოაბნევს მონიშნულ ადგილზე? და ასლს თავის კვალში? 26 ასე ასწავლის წესრიგს და მოძღვრავს მას მისი ღმერთი. 27 რადგან კევრით არ ლეწავენ სოინჯს და არც ურმის თვლებს აგორებენ კვლიავზე, რადგან არგნით ბერტყავენ სოინჯს და კვლიავს – კეტით. 28 ხორბალს ლეწენ, მაგრამ ბოლომდე არ იბეგვება, რომ ურმის თვლების ტრიალმა და მისმა ცხენებმა, არ დანაყონ საბოლოოდ. 29 ესეც ცაბაოთ უფლისაგან გამოდის. საოცარია მისი რჩევა, დიდია მისი სიბრძნე.