ესაია 41

ივლისი 7, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
411 დადუმდით ჩემს წინაშე, კუნძულებო, ხალხებმა კი ძალა განიახლონ. ახლოს მოდგნენ და ილაპარაკონ, ერთად მივიდეთ სამსჯავროზე. 2 ვინ გამოაღვიძა აღმოსავლეთიდან, ვინც თავის ფეხად მოუხმო სიმართლეს, მისცა მის წინაშე ხალხები და დაიმორჩილა მეფენი? მტვრად აქცევს მათ თავისი მახვილით, ქარით წაღებულ ბზედ –თავისი მშვილდით. 3 დაედევნება მათ, მშვიდობით გაივლის გზაზე, რომელზეც თავისი ფეხით არ გაუვლია არასოდეს. 4 ვინ მოიმოქმედა და აღასრულა ეს? მან, ვინც თავიდან მოუწოდებს თაობებს. ‘მე, უფალი, ვარ პირველი და უკანასკნელებთან იგივე ვარ.’” 5 დაინახეს კუნძულებმა და შეშინდნენ, ქვეყნის კიდეები შეძრწუნდნენ, მოახლოვდნენ და მოვიდნენ. 6 თითოეული თავის მოყვასს ეხმარება და თავის ძმას ეუბნება: „მტკიცედ იყავი!” 7 და ხურო ოქრომჭედელს განამტკიცებს, ჩაქუჩით გამომჭედი – გრდემლზე მცემელს. ამბობს ნარჩილზე: „კარგია!” და ამაგრებს კერპს ლურსმნებით, რომ არ დაიშალოს. 8 „და შენ, ისრაელ, ჩემო მსახურო იაკობ, რომელიც მე ამოგირჩიე, თესლო ჩემი საყვარელი აბრაამისა, 9 შენ, რომელიც აგიყვანე ქვეყნის კიდეებიდან და მისი კუთხეებიდან მოგიხმე, გითხარი: ‘ჩემი მსახური ხარ შენ! მე ამოგარჩიე შენ და არ უკუგაგდე. 10 ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ; ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი და მხარს დაგიჭერ ჩემი სიმართლის მარჯვენით.’ 11 აჰა, შერცხვებიან და გაწბილდებიან ყველა შენს წინააღმდეგ გაცეცხლებულნი, არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან შენი მდევარნი. 12 ძებნას დაუწყებ და ვერ ჰპოვებ მათ, შენს მოშუღლეებს. არაფრად და არარაობად იქცევიან შენთან მებრძოლნი. 13 რადგან მე, შენი უფალი ღმერთი, შენი მარჯვენის დამჭერი გეუბნები: „ნუ გეშინია, მე შეგეწევი.” 14 ნუ გეშინია, მატლო იაკობ, ერთი ბეწო ისრაელ, მე შეგეწევი შენ!” – ამბობს უფალი, და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა! 15 აჰა, მე შენ დაგდე ახალ, დაკბილულ მჭრელ კევრად; შენ გალეწავ მთებს და გააცამტვერებ, ბორცვებს ბზესავით გახდი. 16 დაანიავებ და ქარი მიმოაბნევს მათ და ქარიშხალი მიმოფანტავს, შენ კი გაიხარებ უფალში, ისრაელის წმიდით იამაყებ. 17 ღარიბ-ღატაკნი წყალს ითხოვენ და არ არის, მათი ენა წყურვილისაგან გაშრა. მაგრამ მე, უფალი, ვუპასუხებ, ისრაელის ღმერთი მათ არ მივატოვებ. 18 გამოვადენ ხრიოკ ბორცვებზე მდინარეებს და ხეობებს შორის წყაროსთვალებს, უდაბნოს წყლის ტბორად ვაქცევ და ურწყავ მიწას – წყლის წყაროებად. 19 უდაბნოში გავახარებ კედარს აკაციას, მურტსა და ზეთისხეს; ტრამალზე დავრგავ კვიპაროსს, ნეკერჩხალსა და წიფელს ერთად, 20 რათა დაინახონ და შეიტყონ, და გულისხმაყონ და შეიგნონ ერთიანად, რადგან უფლის ხელმა ქმნა ეს, და მოიმოქმედა ისრაელის წმიდამ. 21 „გაგვაცანით თქვენი საქმე!” – ამბობს უფალი. „მოიყვანეთ თქვენი მტკიცებანი!” – ამბობს იაკობის მეფე. 22 მოგვეახლონ და გვითხრან, რა მოხდება. გვითხრან პირვანდელზე, თუ რა იყო, და გულისხმავყოფთ და გავიგებთ მის დასასრულს. ან მომავალზე გვასმინონ რამე, 23 წინასწარ გვაუწყეთ, რა მოხდება, და გვეცოდინება, რომ ღმერთები ხართ. სიკეთეს იზამთ თუ ბოროტებას, მიმოვიხედავთ და ვნახავთ ერთად. 24 აჰა, არაფერი ხართ თქვენ, და თქვენი მოქმედება არარაობაა; სისაძაგლეს ირჩევენ თქვენით. 25 აღვძარი მათგანი ჩრდილოეთიდან და მოვიდა; აღმოსავლეთიდან უხმობს ჩემს სახელს და მოვა, რომ გასრისოს განმგებელნი ტალახივით, როგორც მექოთნე ზელავს თიხას. 26 ვინ გამოაცხადა თავიდანვე, რომ ვიცოდეთ? და ადრიდანვე, რომ ვთქვათ: „მართალია!” მაგრამ არავის გამოუცხადებია, არავის გაუგებინებია, არავის გაუგია თქვენი ნათქვამი. 27 მე პირველმა სიონს: „აჰა, ისინი!” და იერუსალიმს: „მოგცემ მახარობელს”. 28 და გავიხედე და არავინ იყო; არავინ იყო მათგან მრჩეველი, რომ მეკითხა და გაეცათ პასუხი. 29 აჰა, არარანი არიან ყველანი, არარაობაა მათი საქმენი, ქარი და სიცარიელეა მათი ჩამოსხმული კერპები.

თავი მეორმოცე                                                                                                                              თავი ორმოცდამეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close