ძველი აღთქმა
ესაია
71 და იყო, იუდას მეფის ახაზის, ყუზიაჰუს ძის, იოთამის ძის დღეებში, აღდგნენ რეცინი, არამელთა მეფე და ფეკახი, ისრაელის მეფე რემალიაჰუს ძე, იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ ვერ შეძლეს მისი დაპყრობა. 2 და ეუწყა დავითის სახლს ასე: „არამი და ეფრემი მოკავშირენი გახდნენ.” და შეირხა მისი გული და გული მისი ხალხისა, როგორც ხეები ირხევიან ტყეში ქარისაგან. 3 და უთხრა უფალმა ესაიას: „გადი ახაზის შესახვედრად, შენ და შენი ძე შეარ-იაშუბი, ზემო აუზის არხთან, რომელიც მრეცხავთა ველის ბილიკზეა. 4 და უთხარი მას: ‘შეინარჩუნე სიმშვიდე და ნუ დაფრთხება შენი გული ამ ორი აბოლებული მუგუზლის კუდისაგან – რეცინის და არამის და რემალიაჰუს ძის ანთებული რისხვისაგან. 5 იმის გამო, რომ ბოროტი განიზრახა შენზე არამმა, ეფრემმა და რემალიაჰუს ძემ, როცა თქვეს: 6 „ავიდეთ იუდაში და შევაშინოთ ის და გავანგრიოთ ჩვენთვის, და გავამეფოთ მასში მეფედ ტაბეალის ძე.” 7 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „არ შესრულდება და არ იქნება. 8 რადგან არამის თავი დამასკოა და დამასკოს თავი – რეცინი, და სამოცდახუთი წლის შემდეგ ეფრემი დაილეწება და აღარ იქნება ხალხი. 9 ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი – რემალიაჰუს ძე. თუ თქვენ არ გწამთ, იმიტომ, რომ ურწმუნონი ხართ.’” 10 და გააგრძელა უფალმა ახაზთან ლაპარაკი: 11 „მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს ნიშანი: ქვესკნელის სიღრმიდან ან მაღლა ციდან.” 12 და თქვა ახაზმა: „არ ვკითხავ და არ გამოვცდი უფალს.” 13 და თქვა ესაიამ: „ისმინეთ, დავითის სახლო, ცოტაა თქვენთვის ადამიანებს რომ აწუხებთ, ჩემი ღმერთის შეწუხებაც გინდათ? 14 ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს (ჩვენთანაა ღმერთი)! 15 ერბოს და თაფლს შეჭამს, სანამ ისწავლიდეს ბოროტის უარყოფას და კეთილის არჩევას. 16 რადგან, ვიდრე ისწავლიდეს ყმაწვილი ბოროტის უარყოფას და კეთილის არჩევას, მიტოვებული იქნება ის მიწა, რომლის ორი მეფისაც შენ გეშინია. 17 მოაწევს უფალი შენზე და შენს ხალხზე და შენი მამის სახლზე ისეთ დღეებს, როგორიც არ მოსულა იუდასგან ეფრემის განდგომის შემდეგ – მოაწევს აშურის მეფეს.” 18 და იქნება იმ დღეს: სტვენით მოუხმობს უფალი ბუზს, რომელიც ეგვიპტის მდინარეების შესართავთანაა, და ფუტკარს, რომელიც აშურის ქვეყანაშია, 19 და მოვლენ და დაიბუდებენ ყველანი ციცაბო ხევებში და კლდეთა ნაპრალებში და ყოველ ეკლიან ბუჩქზე და ყოველ ღელეზე. 20 იმ დღეს გაპარსავს უფალი მდინარის გაღმიდან დაქირავებული სამართებლით – აშურის მეფის თავს და ფეხის ბალანს და წვერსაც მოაცილებს. 21 და იქნება იმ დღეს: გამოკვებავს კაცი ერთ დეკეულს და ორ ცხვარს. 22 და იქნება: რძის სიჭარბისაგან შეჭამს ერბოს, რადგან ერბოსა და თაფლს შეჭამს ყველა ამ ქვეყანაზე დარჩენილი. 23 და იქნება იმ დღეს: ყოველი ადგილი, სადაც ათასი ვაზი ათას ვერცხლად რომ ფასობდა, ნარი და ეკლიანი ბუჩქი იქნება. 24 ისრით და მშვილდით მოვლენ იქ, რადგან ნარი და ეკლიანი ბუჩქი იქნება მთელი ქვეყანა. 25 და არც ერთ მთაზე არ წახვალ, რადგან შეგეშინდება ნარის და ეკლიანი ბუჩქის; საძოვრად გაიყვანენ იქ ხარებს და წვრილფეხა საქონელი გათელავს მას.