ძველი აღთქმა
ესაია
251 განჩინება შორეული დროიდან, ნამდვილი, ჭეშმარიტი. 2 რადგან შენ აქციე ქალაქი ქვის გროვად, გამაგრებული დედაქალაქი – ნანგრევებად, უცხოთა სასახლედ აღარაა ქალაქი, არ აშენდება უკუნისამდე. 3 ამის გამო გადიდებს შენ ძლიერი ერი, სასტიკ ხალხთა ქალაქებს შეეშინდებათ შენი. 4 რადგან შენ იყავი სიმაგრე საწყლისა, სიმაგრე გლახაკისა მის გაჭირვებაში, თავშესაფარი ნიაღვრისაგან, ჩრდილი პაპანაქებისაგან; რადგან სასტიკთა სუნთქვა ქარიშხლივით იყო კედლის წინააღმდეგ. 5 როგორც ხორშაკი უწყლო ადგილას, შენ ჩაახშე უცხოთა ხმაური; როგორც ხორშაკი ღრუბლის ჩრდილში, ისე ეცემა სასტიკთა სიმღერა. 6 უფალი ცაბაოთი გამართავს ამ მთაზე ყველა ხალხისათვის ნადიმს მსუყე საჭმელებით, ანკარა ღვინოებით, ძვლის ტვინიანი საჭმელებით, დაწმედილი ღვინოებით. 7 და ის მოხდის ამ მთაზე ნიღაბს, აფარებულს ყველა ერზე, და საფარველს, გადაფარებულს ყველა ხალხზე. 8 შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ, და მოწმედს უფალი ღმერთი ცრემლს ყველა სახეზე, და სირცხვილს მოხოცავს თავის ერს მთელს ქვეყანაზე; რადგან უფალმა ასე თქვა. 9 და იტყვის ხალხი იმ დღეს: „აი, ესაა ჩვენი ღმერთი, მას ველოდით, რომ გვიხსნიდა ჩვენ. ეს არის უფალი, მას ველოდით, ვილხინოთ და ვიხაროთ მისი ხსნით.” 10 რადგან დაესვენება ამ მთაზე უფლის ხელი და გაითელება მოაბი თავის ადგილზე, როგორც სანაგვეზე თელავენ ჩალას. 11 და გაშლის თავის ხელს მის წიაღში, როგორც მოცურავე საცურაოდ, მაგრამ ის დაამცირებს მის სიამაყეს მისი ხელის ცბიერებასთან ერთად. 12 და შენს გამაგრებულ მაღალ კედლებს დაამხობს, დააქცევს, მიწად დაანარცხებს, გააცამტვერებს.