ძველი აღთქმა
ესაია
151 წარმონათქვამი მოაბზე: მართლაც ღამით გაპარტახდა ყარ-მოაბი, განადგურდა; მართლაც ღამით გაპარტახდა კირ-მოაბი, განადგურდა. 2 ავიდნენ ისინი ტაძრად და დიბონს, გორაკებზეც კი – სატირლად; ნებოზე და მედებაზე ქვითინებს მოაბი, ყველას თავი აქვს გადაპარსული, ყველას წვერი აქვს მოკვეცილი. 3 მის ქუჩებში ძაძას შემოირტყამენ, მის ბანებსა და მოედნებზე ყველა ქვითინებს და იღვრებიან ტირილად. 4 შეჰკივლეს ხეშბონმა და ელყალემ, იაჰცამდე ისმის მათი ხმა; ამის გამო მოაბის მებრძოლნიც იკივლებენ, თრთის მისი სული. 5 ჩემი გული იკივლებს მოაბზე. გარბიან მისგან ცოყარამდე, ყეგლათ-შელიშიამდე. რადგან ლუხითის აღმართზე ტირილით ადიან, რადგან ხორონაიმის გზაზე აამაღლებენ კივილს ნგრევის გამო. 6 რადგან ნიმრიმის წყლები დამშრალია, რადგან ბალახი გახმა, ჯეჯილი განადგურდა, სიმწვანე აღარაა. 7 ამიტომ დაგროვილ სიმდიდრეს და თავიანთ მიერ გადანახულს გადაიტანენ ტირიფთა ხევზე. 8 რადგან კივილმა მოიცვა მოაბის მიწა-წყალი, ყეგლაიმამდე აღწევს მისი ქვითინი და ბეერ-ელიმამდე – მისი გოდება. 9 რადგან დიმონის წყლები სისხლით გაივსო; რადგან მოვაწევ მე დიმონზე კიდევ ახალს – ლომს მოაბის ლტოლვილებზე და ქვეყნის ნატამალზე.
COMMENTS