HomeUncategorized

ესაია 66

ძველი აღთქმა
ესაია

661 ასე ამბობს უფალი: „ცა ჩემი ტახტია, დედამიწა კი ჩემი კვარცხლბეკი. და სად არის ის სახლი, რომელიც თქვენ უნდა ამიშენოთ? და სად არის ჩემი დასავანებელი ადგილი? 2 ყოველივე ეს ჩემმა ხელმა შექმნა და გაჩნდა ყოველივე ეს!” – სიტყვა უფლისა. – „და ამას მოვხედავ – დამორჩილებულს და სულით დაცემულს, აკანკალებულს ჩემს სიტყვაზე. 3 (ურჯულო) ხარს რომ მიკლავს, თუნდაც კაცი დაეკლას, კრავს რომ მწირავს, თუნდაც ძაღლი შემოეწიროს, ძღვენს რომ აღმივლენს, თუნდაც ღორის სისხლი შემოეწიროს, გუნდრუკს რომ მიკმევს, თუნდაც კერპი ეკურთხებინოს. როგორც მათ თავად აირჩიეს თავიანთი გზები და სისაძაგლენი სურდა მათ სულს, 4 ისე მეც ამოვირჩევ მათ აბუჩად აგდებას და იმას, რისაც ეშინიათ, მოვაწევ მათზე იმის გამო, რომ ვუხმობდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არ ისმინეს, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც მე არ მსურდა, ამოირჩიეს!” 5 ისმინეთ სიტყვა უფლისა და აკანკალდით მის სიტყვაზე: „თქვეს თქვენმა ძმებმა, მოძულეებმა, თქვენმა უარმყოფელებმა ჩემი სახელის გულისათვის: ‘ადიდოს უფალმა თავისი თავი და ჩვენ ვნახავთ თქვენს მხიარულებას!’ მაგრამ ისინი შერცხვებიან. 6 ხმაურის ხმაა ქალაქიდან, ხმაა ტაძრიდან, ხმაა უფლისა, თავისი მტრებისათვის შურისმგებლისა. 7 ჯერ არ უწვალია და უკვე შვა, ჯერ არ მოსვლია ტკივილები და უკვე დაბადა ვაჟი. 8 ვის მოუსმენია ასეთი რამ? ვის უნახავს ამის მსგავსი? შეუძლია დედამიწას მშობიარობით წვალება და შობა ერთ დღეს? შობილა კი ერი ერთბაშად? რადგან იწვალა და შვა კიდეც სიონმა თავისი ძენი. 9 მივაღწევინებ მშობიარობამდე და არ ვამშობიარებ?” – ამბობს უფალი. – „მე შემიძლია გამოვიწვიო და შევწყვიტო შობა!” – ამბობს შენი ღმერთი. – 10 გაიხარეთ იერუსალიმთან ერთად და ილხინეთ მასში ყველამ, ვინც მისი მოყვარულნი ხართ! გაიხარეთ მასთან სიხარულით ყველამ, ვინც მასზე მგლოვიარენი ხართ! 11 რათა მოწოვოთ და გაძღეთ მისი ნუგეშისმცემელი ძუძუთი, რათა წოვოთ და დაამდეთ მისი დიდების დვრილისაგან. 12 რადგან ასე თქვა უფალმა: „აჰა, გადავჭიმავ მასზე მდინარესავით მშვიდობას და მოვარდნილ ღელესავით ხალხთა დიდებას; და გამოიკვებებით, ჩვილებივით იქნებით ტარებულნი და მუხლებზე ნალოლიავებნი. 13 როგორც დედა სცემს ნუგეშს თავის შვილს, ისე მე გცემთ თქვენ ნუგეშს და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი. 14 და დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, თქვენი ძვლები ბალახივით აბიბინდება და გამოეცხადება უფლის ხელი მის მსახურთ, და თავის მტრებს განურისხდება. 15 რადგან უფალი ცეცხლში მოვა და გრიგალივითაა მისი ეტლები, რათა მიაქციოს მძვინვარებაში თავისი რისხვა და თავისი წყრომა ცეცხლის ალებში. 16 რადგან უფალი განსჯის ცეცხლით და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი. 17 ისინი, ვინც წმიდავდებიან და სუფთავდებიან ჭალებში წასასვლელად, ვინც მის შუაგულში ჭამენ ღორის ხორცს, სისაძაგლეს და თაგვებს, ერთიანად მოისპობიან!” – სიტყვა უფლისა. – 18 „მე ვიცი მათი საქმენი და ფიქრები. მოდის დრო ყველა ხალხისა და ყველა ენის შეკრებისა, და მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას. 19 და მე მივცემ მათ ნიშანს და გავგზავნი მათგან გადარჩენილებს ხალხებთან თარშიშში, ფულში და ლუდში, მშვილდის დამჭიმველთ – თუბალში და იაბანში, შორეულ ნაპირებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი და არ უნახავთ ჩემი დიდება. და აუწყებენ ჩემს დიდებას ხალხებში. 20 ისინი მოიყვანენ თქვენს ყველა ძმას ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისადმი, ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებითა და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში!” – ამბობს უფალი. – „როგორც ისრაელიანებს მოაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლით უფლის სახლში. 21 და მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად!” – ამბობს უფალი. – 22 „რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,” – სიტყვა უფლისა, – „ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. 23 და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!” – ამბობს უფალი. – 24 „და გავლენ და დაინახავენ ჩემგან განდგომილ ადამიანთა გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და იქნებიან ისინი სისაძაგლედ ყოველი ხორციელისათვის!”
თავი სამოცდამეხუთე                                                                                                                                      იერემია

COMMENTS