ესაია 65

ივლისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ესაია

651 „გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა, მიპოვნეს მათ, ვინც არ მეძებდა. და ვუთხარი: ‘აქა ვარ, აქა ვარ!’ ხალხს, რომელიც არ იყო ჩემი სახელით წოდებული. 2 გაწვდილი მქონდა მათკენ ხელები დღენიადაგ, ხალხისკენ, უკეთური გზით რომ დადიან თავიანთი ზრახვების კვალზე, 3 ხალხისკენ, მუდამ რომ მაჯავრებენ პირში! ბაღებში მსხვერპლს სწირავენ და აგურებზე აკმევენ, 4 საფლავებს შორის სხედან და იდუმალ ადგილებში ღამეს ათევენ, ღორის ხორცს ჭამენ, საზიზღარი წვენი აქვთ თავიანთ ჭურჭლებში. 5 ამბობენ: ‘გამეცალე, ნუ მომიახლოვდები, რადგან მე შენზე წმიდა ვარ’; ესენი კვამლია ჩემს ნესტოებში, ცეცხლივით ანთია მთელ დღეს. 6 აჰა, დაწერილია ეს ჩემს წინაშე; არ გავჩუმდები, სანამ არ მივუზღავ, და მივუზღავ მათ უბეში 7 თქვენი ურჯულოების და თქვენი მამების ურჯულოების გამო, რომლებიც უკმევდნენ მთებზე და ბორცვებზე შეურაცხმყოფდნენ მე!” – ამბობს უფალი; – „და გავზომავ წინდაწინ მათ ნამოქმედარს მათ უბეში!” 8 ასე ამბობს უფალი: „როცა ყურძნის მტევანში გაჩნდება წვენი, მაშინ ამბობენ: ‘ნუ დაღუპავ მას, რადგან კურთხევაა მასში!’ ასე მოვიქცევი ჩემს მსახურთათვის, რათა არ დავღუპო ყველანი. 9 გამოვიყვან იაკობიდან თესლს და იუდადან – მემკვიდრეს ჩემი მთებისა, და დაიმკვიდრებენ მას ჩემი რჩეულნი და ჩემი მსახურნი დასახლდებიან იქ. 10 იქნება შარონი ცხვრის საძოვარი და ყაქორის ხეობა – ნახირის წამოსაწოლი ჩემი ერისათვის, რომელმაც მომძებნა მე. 11 თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, დამვიწყებელნო ჩემი წმიდა მთისა, გამამზადებელნო გადისთვის სუფრისა და შემავსებელნო მენისთვის სასმელებისა, – 12 მე გადაგცემთ თქვენ მახვილს და ყველანი დასაკლავად იქნებით მუხლმოყრილნი, რადგან მე ვხმობდი და არ გამომეხმიანეთ, მე ვლაპარაკობდი და თქვენ არ ისმინეთ, და ბოროტს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც არ მსურდა, ის აირჩიეთ.” 13 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „აი, ჩემი მსახურნი შეჭამენ და თქვენ დაიმშევით, ჩემი მსახურნი შესვამ და თქვენ წყურვილი შეგიპყრობთ, და ჩემი მსახურნი გაიხარებენ და თქვენ შერცხვებით; 14 ჩემი მსახურნი იმღერებენ გულის სიამით და თქვენ იყვირებთ გულის ტკივილით, და სულის გატეხისაგან აქვითინდებით. 15 დაუტოვებთ თქვენს სახელს საწყევრად ჩემს რჩეულთ, და დაგხოცავთ თქვენ უფალი ღმერთი. და თავის მსახურთ უწოდებს სხვა სახელს. 16 ვინც კურთხეულია ქვეყანაზე, იკურთხება ჭეშმარიტი ღმერთით; და დამფიცებელი ქვეყანაზე, დაიფიცებს ჭეშმარიტ ღმერთს, რადგან დავიწყებულია უწინდელი უბედურებანი და მიეფარა ჩემს თვალებს. 17 რადგან, აჰა, მე შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას. და არ გაიხსენება წინანდელნი და არ ამოვა გულთან. 18 მაგრამ გაიხარებთ და ილხენთ უკუნისამდე იმით, რასაც მე შევქმნი, რადგან მე ვქმნი იერუსალიმს ლხინად და მის ერს – სიხარულად. 19 და მე მოვილხენ იერუსალიმში და გავიხარებ ჩემს ერში; და მეტად აღარ გაისმება მასში ტირილის ხმა და კივილის ხმა. 20 მეტად აღარ იქნება იქ მცირეწლოვანი და მოხუცი, რომელიც ვერ ასრულებს თავის დღეებს, რადგან ყმაწვილი ასი წლისა მოკვდება და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება. 21 ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, დარგავენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. 22 არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ხის დღეებივით იქნება ჩემი ერის დღეები და თავიანთი ხელის ნაკეთებს გაცვეთენ ჩემი რჩეულნი. 23 არ დაიქანცებიან ამაოდ და არ შობენ შფოთისათვის, რადგან უფლის კურთხეული თესლია ისინი და მათი შთამომავლობა მათთან ერთად. 24 და იქნება, სანამ მომიხმობენ, პასუხს გავცემ, ჯერ ლაპარაკში იქნებიან, რომ მე გავიგონებ. 25 მგელი და კრავი ერთად დაიმწყესებიან და ლომი, როგორც ხარი, შეჭამს თივას, გველი კი – მტვერი იქნება მისი საჭმელი: არ იბოროტებენ და არც ავნებენ რასმე მთელს ჩემს წმიდა მთაზე!” – ამბობს უფალი.
თავი სამოცდამეოთხე                                                                                                          თავი სამოცდამეექვსე

კომენტარის დატოვება

Close
Close