HomeUncategorized

ესაია 31

ძველი აღთქმა
ესაია
311 ვაი მათ, ვინც ეგვიპტეს სთხოვს შემწეობას, ცხენებს მიენდვნენ და ეტლებზე ამყარებენ იმედს, რადგან მრავლადაა, და მხედრებზე, რადგან ფრიად ძლიერნი არიან. ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიკითხეს. 2 მაგრამ ისიც ბრძენია და მოაწევს უბედურებას და თავის სიტყვებს არ აუქმებს; და აღუდგება ბიწიერთა სახლს და ავისმოქმედთა შემწეობას. 3 მაგრამ ეგვიპტელნი ადამიანები არიან და არა ღმერთები, და მათი ცხენები ხორცია და არა სული; უფალი მოიღერებს თავის ხელს და წაბორძიკდება შემწე, და დაეცემა შეწევნილიც, და ყველანი ერთად დაიღუპებიან. 4 რადგან ასე მითხრა მე უფალმა: „როგორც ლომი და როგორც ლომის ბოკვერი ბრდღვინავს თავის ნადავლზე, თუნდაც მოუხმონ მის წინააღმდეგ მთელ მწყემსობას, მათი ხმებისაგან არ დაფრთხება და მათი ხმაურის გამო არ შედრკება, ასე ჩამოვა უფალი ცაბაოთი სიონის მთისათვის და მისი ბორცვისათვის საომრად.” 5 როგორც ჩიტები დასტრიალებენ ბარტყებს, ისე დაიცავს უფალი ცაბაოთი იერუსალიმს, დაიცავს და უშველის, დაინდობს და გადაარჩენს. 6 მიუბრუნდით იმას, ვისაც გაუღრმავეთ განდგომა, ისრაელის ძენო. 7 რადგან იმ დღეს მოიძულებს თითოეული თავისი ვერცხლისა და ოქროს კერპებს, თქვენმა ხელებმა რომ გაგიკეთეს ცოდვისათვის. 8 დაეცემა აშური მახვილით არა კაცისა, და მახვილი არა ადამიანისა შეჭამს მას. და მახვილს გაექცევა იგი და მისი ჭაბუკები ხარკად იქცევიან. 9 „და მისი კლდე შიშისაგან გადაივლის და მისი მთავრები დროშაზე დაფრთხებიან”, ბრძანებს უფალი, ვისი ცეცხლიც სიონშია და ღუმელი – იერუსალიმში.
თავი ოცდამეათე                                                                                                                       თავი ოცდამეთორმეტე
Newer Post
Older Post

COMMENTS