HomeUncategorized

ესაია 59

ძველი აღთქმა
ესაია

591 აჰა, არ დამოკლებულა უფლის ხელი, რომ იხსნას; და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ ისმინოს! 2 რადგან თქვენმა ურჯულოებამ გაგმიჯნათ ერთმანეთისგან თქვენ და თქვენი ღმერთი, და თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან, რომ არ ესმინა! 3 რადგან თქვენი ხელები გასვრილია სისხლში და თქვენი თითები – ურჯულოებაში; თქვენი ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ და თქვენი ენა უსამართლობას წარმოთქვამს. 4 არავინ ჩივის სამართლიანად, არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით, იმედოვნებენ ამაოზე და ცრუობენ, ფეხმძიმდებიან უბედურებით და შობენ უსამართლობას. 5 ასპიტის კვერცხებს ჩეკენ და ობობას ქსელს ქსოვენ. მათი კვერცხის მჭამელი მოკვდება, და გაჭყლეტილისაგან იქედნე გამოიჩეკება. 6 მათი ქსელი გამოუსადეგარია შესამოსლად, და თავიანთი ნაკეთობით დაიფარავენ თავს. მათი საქმეები უსამართლო საქმეებია, და ძალმომრეობაა მათ ხელებში. 7 ფეხები ბოროტისაკენ გაურბით, და უდანაშაულო სისხლის დასაღვრელად ისწრაფიან. მათი ზრახვები უკეთური ზრახვებია, ნგრევა და პარტახია მათ გზაზე. 8 მშვიდობის გზა არ იციან მათ და სამართალი არაა მათ ნაკვალევზე. ბილიკები გაიმრუდეს, მათზე გამვლელმა არ იცის მშვიდობა. 9 ამის გამო გაგვშორდა ჩვენ სამართალი და სიმართლე ვერ გვეწვევა ჩვენ. სინათლის იმედი გვაქვს, მაგრამ ბნელში ვართ, ველით გამობრწყინებას, მაგრამ წყვდიადში დავდივართ. 10 ბრმებივით ხელით ვსინჯავთ კედელს, და, როგორც უთვალისჩინონი, ხელის ცეცებით დავდივართ. ვბორძიკობთ შუადღისას, როგორც ბინდში, უკუნეთში – როგორც მკვდრები. 11 დათვებივით ვღრიალებთ ყველანი და ვოხრავთ მტრედებივით. ველით სამართალს და არ ჩანს, გადარჩენას – და შორსაა ჩვენგან. 12 რადგან გამრავლდა ჩვენი დანაშაული შენს წინაშე, და ჩვენი ცოდვები გვემოწმებიან ჩვენს წინააღმდეგ, რადგან ჩვენი დანაშაული ჩვენთანაა და ჩვენი ურჯულოება ჩვენ ვიცით: 13 დანაშაული და თვალთმაქცობა უფლის წინაშე და განდგომა ჩვენი ღმერთისაგან, ლაპარაკი ჯანყზე და ღალატზე, ჩასახვა და გულიდან წარმოთქმა ცრუ სიტყვებისა. 14 უკან დაიხია სამართალმა და შორს განდგა სიმართლე, რადგან წაბორძიკდა სიმართლე მოედანზე, და პატიოსნება ვეღარ შემოდის. 15 აღარ არის ჭეშმარიტება და ბოროტისაგან გამდგარი წარტყვევნილია. დაინახა უფალმა და არ მოეწონა, არ იყო სამართალი. 16 დაინახა, რომ არ იყო კაცი, და გაოცდა, რომ არ იყო დამცველი. და მიეშველა მას მისი მკლავი და მისი სიმართლე შეუდგა საყრდენად. 17 და შეიმოსა სიმართლე, როგორც ჯავშანი, და ხსნის მუზარადი იყო მის თავზე. და შეიმოსა შურისგების სამოსელი ტანსაცმლად და მოისხა მოსასხამივით შურისგება. 18 საზღაურის მიხედვით გადაუხდის იგი: გულისწყრომით – თავის შემჭირვებელთ, შურისგებით – თავის მტრებს, კუნძულებს სამაგიეროს მიუზღავს. 19 და შეეშინდებათ დასავლეთიდან უფლის სახელისა და მზის აღმოსავლეთიდან – მისი დიდებისა, და მოვა გასაჭირი, როგორც მდინარე, უფლის სულით მოდენილი. მოდის სიონის გამომხსნელი 20 „და მოვა მხსნელი სიონისათვის და დანაშაულისაგან უკუქცეულთათვის იაკობში!” – ამბობს უფალი. – 21 „და მე კი, აჰა, ჩემი აღთქმა მათთან!” – ამბობს უფალი. – „ჩემი სული, რომელიც შენზეა, და ჩემი სიტყვები, რომლებიც ჩაგიდე ბაგეში, არ განდგებიან შენი ბაგიდან, არც შენი თესლის ბაგიდან, არც შენს თესლთა თესლის ბაგიდან, ამიერიდან და უკუნისამდე!” – ამბობს უფალი.
თავი ორმოცდამეთვრამეტე                                                                                                            თავი მესამოცე
Newer Post
Older Post

COMMENTS