HomeUncategorized

ესაია 48

ძველი აღთქმა
ესაია

481 „ისმინეთ ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო და იუდას წყლებიდან გამოსულნო, დამფიცებელნო უფლის სახელით, და ისრაელის ღმერთის მხსენებელნო, მაგრამ არც ჭეშმარიტებითა და არც სიმართლით; 2 რადგან წმიდა ქალაქიდან წარმოშობილს უწოდებენ ისინი თავიანთ თავს და ისრაელის ღმერთზე არიან დანდობილნი. უფალი ცაბაოთია მისი სახელი! 3 პირვანდელნი დიდი ხნით ადრე გამოვაცხადე, და ჩემი პირიდან გამოვიდა და ვაუწყებდი მათ, და უცბად ვიქმოდი და სრულდებოდა. 4 რადგან ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვისაა შენი ქედი, შენი შუბლი კი – სპილენძისა. 5 გამოგიცხადე დიდი ხნით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, გაუწყე, რომ არ გეთქვა: ‘ჩემმა ქანდაკმა გააკეთა ეს და ჩემმა ჩამოსხმულმა კერპმა მიბრძანა ეს!’ 6 შენ გაგონილი გაქვს, იხილე ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებ? მე გაუწყე შენ ახალნი და დაფარულნიც კი, რაც არ იცოდი. 7 ახლა გაჩნდა ისინი და არა დიდი ხნის წინ; და დღემდე არ გსმენია შენ მათზე. რომ არ თქვა: ‘აჰა, ვიცოდი ეს!’ 8 არც გსმენია და არც იცოდი, და არც უწინდლიდან არ იყო გახსნილი შენი ყური, რადგან ვიცოდი, რომ მიღალატებდი, და დედის მუცლიდან განმდგარი გიწოდეს. 9 ჩემი სახელის გულისათვის დავაცხრობ ჩემს რისხვას, და ჩემი დიდების გულისათვის ვიოკებ თავს, რომ არ მოგკვეთო შენ. 10 აჰა, მე გამოგადნე, მაგრამ არა როგორც ვერცხლი, წამების ბრძმედში გამოგცადე. 11 ჩემი გულისათვის, ჩემი გულისათვის ვმოქმედებ, რადგან როგორ უნდა გარიოშდეს ჩემი სახელი? ჩემს დიდებას სხვას არ მივცემ. 12 მისმინე მე, იაკობ და ისრაელ, ჩემს მიერ წოდებულო, მე იგივე ვარ, მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელიც! 13 ჩემმა ხელმა დააფუძნა დედამიწა, და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა; მე მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან. 14 შეგროვდით ყველანი და ისმინეთ! მათგან ვინ გამოაცხადა ეს? უფალმა შეიყვარა იგი, შეასრულებს მის ნებას ბაბილონზე, და მისი მკლავი ქალდეველებზე აღიმართება. 15 მე, მე ვთქვი და მოვუხმე მას, მე მოვიყვანე ის და წარმატებული იქნება მისი გზა. 16 მომიახლოვდით მე, ისმინეთ ეს: თავიდან ფარულად არ მილაპარაკია, იმ დროიდან, როცა ეს მოხდა, იქ ვიყავი. ახლა კი უფალმა ღმერთმა და მისმა სულმა მომავლინა მე.” 17 ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელიც გასწავლის სარგებლობას, რომელიც მიგიძღვის იმ გზაზე, რომელზეც უნდა დადიოდე. 18 ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი მშვიდობა, და შენი სიმართლე – ზღვის ტალღებივით. 19 ქვიშასავით მრავალი იქნებოდა შენი თესლი, და შენი წიაღის ნაშიერნი – ქვიშის მარცვლებივით. არ მოიკვეთებოდა და არ წაიშლებოდა მისი სახელი ჩემს წინაშე.” 20 გამოდით ბაბილონიდან, გაიქეცით ქალდეველთაგან, მხიარული ხმით გამოაცხადეთ, აუწყეთ ეს, გაავრცელეთ ქვეყნის კიდემდე, თქვით: „გამოისყიდა უფალმა თავისი მსახური იაკობი!” 21 მათ არ სწყუროდათ უდაბნოებში, როცა მიჰყავდა ისინი: კლდიდან წყალი უდინა მათ და გააპო კლდე და გადმოჩქეფა წყალმა. 22 „არ არის მშვიდობა, – ამბობს უფალი, – ბოროტეულთათვის!”.
თავი ორმოცდამეშვიდე                                                                                                      თავი ორმოცდამეცხრე

COMMENTS