ესაია 17

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
171 წარმონათქვამი დამასკოზე: „ნახეთ, დამასკო აღარ იქნება ქალაქი, არამედ მხოლოდ ნანგრევთა გროვა. 2 ყაროყერის მიტოვებული ქალაქები ცხვრის ფარებისათვის იქნება, დაწვებიან და არავინ იქნება დამაფრთხობელი. 3 და მოისპობა ციხე-სიმაგრე ეფრემისა, და მეფობა დამასკოსი და არამის ნარჩომი ისრაელის ძეთა დიდებასავით იქნება!” სიტყვა უფალ ცაბაოთისა. 4 და იქნება იმ დღეს, დაკნინდება იაკობის დიდება, და სიმსუყე მისი ხორცისა დამჭლევდება. 5 და იქნება, როგორც მომკელის მიერ სამკალის აღებისას, როდესაც მისი მკლავი თავთავს მოიმკის; და იქნება, როგორც თავთავის აკრეფისას რეფაიმის ხეობაში. 6 და დარჩება მასში მცირე ნაყოფი, როგორც ზეთისხილის ხის დაბერტყვისას: ორი, სამი მარცვალი ტოტის კენწეროზე, ოთხი, ხუთი ნაყოფი ხის რტოებზე. სიტყვა უფლისა, ისრაელის ღმერთისა. 7 იმ დღეს მიმართავს ადამიანი თავის გამჩენს, და მისი თვალები ისრაელის წმიდას იხილავენ. 8 და არ მიმართავს თავისი ხელით ნაკეთებ სამსხვერპლოებს, და არ შეხედავს იმას, რაც მისმა თითებმა გააკეთეს – სერტყეებს და მზის კერპებს. 9 და იმ დღეს იქნება მისი გამაგრებული ქალაქები, როგორც მიტოვებული ტყე და მთის მწვერვალები, რომლებიც დატოვეს ისრაელის ძეთა წინაშე, და იქნება უკაცრიელი. 10 რადგან დაივიწყე შენ შენი ხსნის ღმერთი და შენი სიმაგრის კლდე აღარ გახსოვდა. ამიტომ დარგე შენ საამური ნერგები და უცხო ვაზი გააშენე. 11 დარგვის დღიდან ზრდიდი მას და დათესვის დილიდან აყვავებდი, მაგრამ მოსავალი დაიღუპება სნეულებისა და უკურნებელი სატკივარის დღეს. 12 ოი, ხმაური მრავალი ხალხისა! როგორც ზღვა ხმაურობს, ისე ხმაურობენ ისინი, და ტომები ღრიალებენ, როგორც ღრიალებენ ძლიერი წყლები. 13 ტომები ღრიალებენ, როგორც ბევრი წყლები ღრიალებენ, მაგრამ დატუქსავს იგი მათ და გაიქცევიან ისინი შორს, და გაიხვეტებიან, როგორც ქარისგან ჩენჩო მთებზე, და როგორც მტვრის გორგალი ქარიშხალისგან. 14 საღამოს ჟამს – აჰა, საშინელება! განთიადამდე აღარა იქნება. ესაა წილი ჩვენს გამძარცველთა და ხვედრი ჩვენს მაოხრებელთა.
თავი მეთექვსმეტე                                                                                                                             თავი მეთვრამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close