ესაია 55

ივლისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ესაია

551 „ჰოი, მწყურვალნო, ყველანი მიდით წყლებთან, და ფულის უქონელნო, მიდით და იყიდეთ და ჭამეთ. მიდით და იყიდეთ ღვინო და რძე უფულოდ და უსასყიდლოდ. 2 რატომ იხდით ვერცხლს იმისათვის, რაც პური არ არის? და თქვენს ჭირნახულს იმისათვის, რაც არ აძღობს? სმენით მომისმინეთ და ჭამეთ, რაც კარგია, და განცხრეს თქვენი სული სიმსუყეში. 3 მოყავით თქვენი ყურები და მოდით ჩემთან, ისმინეთ და იცოცხლებს თქვენი სული; და დავდებ თქვენთან საუკუნო აღთქმას, როგორც სარწმუნო წყალობას, შეპირებულს დავითისათვის. 4 აჰა, ერების მოწმედ განვაწესე იგი, წინამძღოლად და მბრძანებლად ხალხებისთვის. 5 აჰა, ხალხს, რომელსაც არ იცნობდი, მოუხმობ! და ხალხები, რომელნიც არ გიცნობდნენ, მოგაშურებენ, შენი უფალი ღმერთის და ისრაელის წმიდის გულისათვის, რადგან მან განგადიდა შენ.” 6 ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუწოდეთ მას, სანამ ახლოა იგი. 7 დატოვებს ბოროტეული თავის გზას და უსამართლო კაცი თავის ზრახვებს; დაუბრუნდება უფალს და ის შეიწყალებს მას; და ჩვენს ღმერთს, რადგან ის მრავლის მიმტევებელია. 8 „რადგან ჩემი ზრახვები თქვენი ზრახვები არ არის, და თქვენი გზები ჩემი გზები არ არის!” – ამბობს უფალი. – 9 „რადგან როგორც ცაა მაღალი დედამიწაზე, ისე ჩემი გზებია მაღალი თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები – თქვენს ზრახვებზე. 10 რადგან, როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ზეციდან და იქ აღარ ბრუნდება, თუ არ დაარწყულა დედამიწა, თუ არ გაანაყოფიერა და არ ააყვავა იგი, არ მისცა თესლი მთესველს და პური მჭამელს, 11 ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე. 12 რადგან მხიარულებით გახვალთ, და მშვიდობით იქნებით წაყვანილნი. მთანი და ბორცვნი შემოსძახებენ თქვენს წინაშე სიმღერას, და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს. 13 კვრინჩხის ნაცვლად კვიპაროსი ამოვა და ჭინჭრის ნაცვლად – მურტი. და ექნება ეს უფალს სახელად, საუკუნო ნიშნად, მოუკვეთელად.”
თავი ორმოცდამეთოთხმეტე                                                                                  თავი ორმოცდამეთექვსმეტე

კომენტარის დატოვება

Close
Close