ძველი აღთქმა
ესაია
521 გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე შენი ძალა, სიონო! შეიმოსე შენი ბრწყინვალების სამოსი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან მეტად აღარ შემოვა შენში წინადაუცვეთელი და უწმიდური. 2 ჩამოიბერტყე მტვერი, ადექი, დატყვევებულო იერუსალიმო, გაიხსენი შენი კისრის ჯაჭვები, დატყვევებულო სიონის ასულო! 3 რადგან ასე თქვა უფალმა: „მუქთად იყავით თქვენ გაყიდულნი და ვერცხლით ვერ გამოისყიდებით.” 4 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „ეგვიპტეში ჩავიდა ჩემი ერი ერთ დროს, რომ ეცხოვრა იქ, აშური კი არაფრისთვის ჩაგრავდა მას. 5 ახლა კი, რა დამრჩენია აქ?” – ამბობს უფალი, – „თუ ჩემი ხალხი მუქთად არის წაყვანილი, მისი განმგებელნი ღმუიან,” – ამბობს უფალი, – „და მუდამ, ყოველდღე, იბღალება ჩემი სახელი. 6 ამიტომ შეიტყობს ჩემი ერი ჩემს სახელს, ამიტომ შეიტყობს იმ დღეს, რომ მე ვარ ის, ვინც ამბობს: ‘აქა ვარ!’” 7 რა მშვენიერია მთებზე ფერხნი მახარობლისა, მშვიდობის მაუწყებლისა, სიკეთის მახარობლისა, ხსნის მაუწყებლისა, რომელიც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!” 8 ხმა შენი გუშაგებისა – აღავლენენ ისინი ხმას, ერთად იმღერებენ, რადგან თავისი თვალით დაინახავენ უფლის დაბრუნებას სიონში. 9 მხიარულად შემოსძახეთ, იმღერეთ ერთად, იერუსალიმის ნანგრევებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ერი, გამოისყიდა იერუსალიმი. 10 გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდის მკლავი ყველა ხალხის თვალწინ და დაინახავს დედამიწის ყოველი კიდე ჩვენი ღმერთის მიერ ხსნას. 11 გაშორდით, გაშორდით, გადით იქიდან, უწმიდურს არ შეეხოთ, გამოდით მისი წიაღიდან, განიწმიდეთ, უფლის ჭურჭლების მტვირთველნო. 12 მაგრამ აჩქარებით არ გამოხვალთ და არც ლტოლვილივით ივლით, რადგან თქვენს წინ ივლის უფალი, და თქვენს უკან მცველად – ისრაელის ღმერთი. 13 აჰა, წარემართება ჩემს მსახურს, აღიმართება, აიწევა და დიდად ამაღლდება. 14 როგორც განცვიფრდნენ მრავალნი, შენი მნახველნი, რადგან დამახინჯებული იყო მისი პირისახე ისე, როგორც არავისი, და მისი იერი ადამის ძისას არ ჰგავდა. 15 ასე შეაშფოთებს ის ბევრ ხალხებს, მეფენი მოკუმავენ მის გამო პირს, რადგან დაინახავენ იმას, რაც არ უამბიათ მათთვის, და რაც არ სმენიათ, იმას გაიგებენ.