HomeUncategorized

ესაია 62

ძველი აღთქმა
ესაია

621 სიონის გამო არ დავდუმდები და ისრაელის გამო არ დავმშვიდდები, სანამ არ გამოვა მისი სიმართლე, როგორც ნათება, და მისი ხსნა, როგორც ანთებული ჩირაღდანი. 2 და დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს და ყოველი მეფე – შენს დიდებას, და გიწოდებენ შენ ახალ სახელს, რომელსაც წარმოსთქვამს უფლის პირი. 3 და იქნები შენ მშვენების გვირგვინად უფლის ხელში და სამეფო დიადემად შენი ღმერთის ხელში. 4 აღარ ითქმის შენზე „მიტოვებული,” და შენს ქვეყანაზე აღარ ითქმის „უკაცრიელი”, რადგან გერქმევა შენ „მასშია ჩემი ნება” და შენს ქვეყანას – „დაპატრონებული,” რადგან მოგინება უფალმა და შენი ქვეყანა დაპატრონდება. 5 როგორც ჭაბუკი ქორწინდება ქალწულზე, ისე დაქორწინდებიან შენზე შენი ძენი. და როგორც ნეფე ხარობს პატარძალზე, ისე შენი ღმერთი იხარებს შენზე. 6 შენს გალავნებზე, ო იერუსალიმო, გუშაგნი დავაყენე, რომ არასოდეს არ დადუმდნენ, არც დღე და არც ღამე! გამხსენებელნო უფლისა, ნუ გაჩუმდებით 7 და ნუ მოასვენებ მას, სანამ არ განამტკიცებს და არ გახდის იერუსალიმს ქება-დიდებად დედამიწაზე. 8 დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და ძალა თავისი მკლავისა: „არ მივცემ მეტად შენს მტრებს შენს ხორბალს საჭმელად და არ დალევენ უცხოტომელნი შენს მაჭარს, რომელზეც იშრომე შენ, 9 რადგან მისი მომსთვლელნი შეჭამენ მას და აქებენ უფალს, და მისი შემკრებნი შესვამენ მას ჩემი წმიდას ეზოებში. 10 გაიარეთ, გაიარეთ კარიბჭეებში, განუმზადეთ გზა ერს, მოასწორეთ, მოასწორეთ სავალი, გაასუფთავეთ ქვისაგან, აღმართეთ ალამი ხალხებისათვის. 11 აჰა, უფალი აუწყებს დედამიწის კიდემდე; უთხარით სიონის ასულს: „ნახე, მოვიდა შენი ხსნა! ნახე, მისი საზღაური მასთანაა და მისი მისაგებელი მის წინაშეა.” 12 და უწოდებენ მათ „წმიდა ერს, უფლის გამოსყიდულთ;” შენ კი გიწოდებენ „მოძიებულს, მიუტოვებელ ქალაქს.”
თავი სამოცდამეერთე                                                                                                           თავი სამოცდამესამე

COMMENTS